უფრო მეტი ვიდრე ფეხბურთი

თარიღი: 9 სექტ 2018

დიდი ხანია ფეხბურთმა ჩემთვის სპორტის საყვარელი სახეობის სტატუსი დაკარგა და ადგილი რაგბის გადაულოცა. დიდი ხანია, ნაღდი, ეშხიანი ფეხბურთი კომერციალიზაციამ ჩაანაცვლა. ყოველი საფეხბურთო სეზონის ბოლოს გულისტკივილით ვაცილებ ფეხბურთის ნამდვილ რაინდებს. ბოლოს ასე - ლამის და ჯერარდის წასვლა გამოვიტირე ფეხბურთიდან. მანამდე, ზიდანი, ბერკამპი, კანი, ანრი და დელპიერო იყო. ახლაც ცოტა დამრჩა ჩემი ოქრო ბიჭები - ბუფონი, რობენი, კროოსი... არა, ეს ბლოგი თანამედროვე ფეხბურთის გამოწვევებს თუ ტენდენციებს კი არ ეხება, არამედ შემთხვევას, რომლის შესახებაც სულ სხვანაირად დავწერდი ოდესმე, რომ არა გურამ კაშიას ირგვლივ დაწყებული ამბავი. ამბავი, რომელსაც ბოლო არ უჩანს და ერთი შეხედვით არავინ იცის როგორ დასრულდება.

გასულ წელს, ნიდერლანდების ერედივიზიონში კაშიას მიერ კაპიტნის ფერადი სამკლაურით „ვიტესის“ გაყვანა კარიერის ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო. ჩვეულებრივი იმიტომ, რომ ნამდვილ ევროპაში არავინ დაობს, თანასწორობის და მრავალფეროვნების ირგვლივ. სამაგიეროდ, ნიდერლანდებიდან, მთების და ქვეყნების გადმოღმა - საქართველოში, გურამის მიერ თანასწორობის იდეის მხარდაჭერის და ჰომოფობიის დაგმობის მიზნით, ლგბტ დროშის ფერებით კაპიტნის სამკლაურის გაკეთება, სიძულვილის და ზიზღის წინაპირობა გახდა. ამ ფონზე, მე თუ მკითხავს ვინმე, რომელია გურამ კაშიას კარიერის მატჩი, დაუფიქრებლად ვიტყვი რომ ზუსტად, ის როცა გურამი ფერადი სამკლაურით გავიდა მოედანზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ქართული კლუბების შემყურემ მრავალი წლის წინ ავიღე ხელი ქართულ ფეხბურთზე. დიდი ალბათობით ერთა ლიგის წლევანდელი თამაშებიც უხმაუროდ ჩაივლიდა ჩემთვის და უკეთეს შემთხვევაში ტელეეკრანთან ვუყურებდი თამაშებს, რომ არა გურამის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანია. თუმცა, ამ კამპანიის თავში და ბოლოში მყოფმა ადამიანებმა იმდენი მოახერხეს, რომ დღეს სტადიონზე მივდივარ. მივდივარ და ვივლი მანამ, სანამ გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. თუნდაც ყველა თამაში ერთმანეთზე უარესი ანგარიშით წააგოს ნაკრებმა.

გურამ კაშია, შენ უფრო მეტი მოიგე, ვიდრე ფეხბურთში შეიძლება მოიგო.