უზენაესი სასამართლოს პლენუმზე საია-ს დაკვირვების საშუალება არ მიეცა

თარიღი: 16 დეკ 2019

უზენასი სასამართლოს ნაწილობრივ დაკომპლექტების შემდეგ დღეს, 14:00 საათზე პირველად პირველად შეიკრიბა და ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელა პლენუმმა.[1] საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საია აკვირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს. ამ მიზნით დღეს პლენუმის სხდომას უნდა დასწრებოდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რაც ცნობილი იყო სასამართლოსთვის და საია-ს თანამშრომელზე საშვი იყო დაშვებული. თუმცა სხდომა დაიხურა რის გამოც მონიტორინგის საშუალება არ მოგვეცა.

კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები, როგორც წესი საჯაროა.[2] რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღია უნდა იყოს თუ არ არსებობს რაიმე პატივსადები საფუძველი, უფრო მაღალი ღირებულების მქონე საჯარო ინტერესი. სახალხო დამცველის ინფორმაციით გადაწყვეტილების მოტივი მოსამართლეთათვის მსჯელობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა იყო.[3]

კანონი, პლენუმს ასევე აკისრებს ვალდებულებას „თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტიცება.“[4] იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, როდესაც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და კითხვები საკასაციო ინსტანციის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ, სასამართლოს ჩაკეტვა უარყოფითად აისახება მის მიმართ საზოგადოების განწყობაზე. საია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს მომავალში კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით ხელი არ შეუშალოს დამკვირვებლებს სასამართლოს მონიტორინგის პროცესში.


[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, სიახლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://www.supremecourt.ge/news/id/2011, განახლებულია: 16.12.2019.

[2] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი.

[3] სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იხ. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/Gio.BuRJaNadZe/posts/10220609606053672, განახლებულია: 16.12.2019.

[4] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, “ბ“ ქვეპუნქტი.