კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

თარიღი: 8 აპრ 2024

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ.

რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება.

ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!


ხელმომწერ ორგანიზაციათა სია