ზუგდიდის სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის საქმე განიხილა

თარიღი: 5 ივნ 2019

დღეს, 5 ივნისს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ,,პრესა ჯი“-ს რედაქტორის და ,,აიტივის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე. გიორგი კაპანაძე პოლიციის თანამშრომლებმა 2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნების დღეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დააკავეს და მოგვიანებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე შეუდგინეს.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის წარმოება წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში. რაც შეეხება 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლომ სამართალდარღვევა ჩადენილად მიიჩნია, თუმცა, დარღვევის მცირემნიშვნელობიდან გამომდინარე, გიორგი კაპანაძეს სახდელის ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა მისცა. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა გიორგი კაპანაძის მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი. სასამართლოში დაიკითხა პოლიციის ოთხი თანამშრომელი. პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენება არ დაემთხვა სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეო მტკიცებულებებს, კერძოდ, არ დადასტურდა შეურაცხყოფის, გინების, მანქანაში შეღწევის მცდელობის, იდაყვის დარტყმის ფაქტები.

გიორგი კაპანაძის ინტერესებს საიას ზუგდიდის ოფისი იცავს.