საია ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს

თარიღი: 17 მაის 2021

17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.[1] ქვეყანაში ლგბტქი თემი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ლგბტქი ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან. ქვეყანაში, ლგბტქი ადამიანები თავისუფლად ვერ სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, აწყდებიან დისკრიმინაციის მძიმე შემთხვევებს, მათ შორის შრომით ურთიერთობებში, ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანების. არსებულ სირთულეებს 2020 წლის მარტის თვიდან დაემატა პანდემიით გართულებული მდგომარეობა. COVID-19 პანდემიის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ თემის მოწყვლადობა კიდევ უფრო გაზარდა. პანდემიის ფონზე, ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში არც პირველ და არც შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებული არ ყოფილა.[2]

ლგბტქი თემის წევრებისთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. ლგბტქი ადამიანებს და მათ უფლებადამცველ ორგანიზაციებს ლგბტქი პირთა უფლებებზე და საჭიროებებზე ღიად საუბარი, საჯარო სივრცეებში შეკრება, საზოგადოებრივი მიმღებლობისთვის ღონისძიებების ჩატარება ეზღუდებათ და ასეთ ღონისძიებებზე რადიკალური, ძალადობრივი და ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხრიდან აგრესიული, ჰომო/ბი/ტრანსფობიური ქმედებები ფიქსირდება.[3]

14 მაისს შსს-მ საჯარო განცხადებით მზადყოფნა გამოთქვა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს ჩატარებული ღონისძიებების დროს დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება და მასში მონაწილე პირთა უსაფრთხოება.[4] ამის საპირისპიროდ კი, 15 მაისს დედაენის ბაღში შეკრებილი თემის წარმომადგენელთა მიმართ დაფიქსირდა ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმა.[5] 15 მაისის შემთხვევა აჩვენებს, რომ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაცვა და ფაქტზე დროული რეაგირება შსს-მ ვერ შეძლო.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტქი ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.[6] 2021 წელს, მხოლოდ აპრილის თვეში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (სოგის) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თემის რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ.[7]

საქართველოს კანონმდებლობით შრომით ურთიერთობებში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გენდერული გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა აკრძალულია, თუმცა ქვიარ ადამიანები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას შრომით ბაზარზე.[8] ლგბტქი ადამიანების ნაწილს სამუშაო ადგილზე უწევს ორიენტაციისა და იდენტობის დამალვა, რათა თავი აარიდოსდისკრიმინაციას.

ლგბტქი თემში კვლავ განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფად რჩებიან ტრანსგენდერი ადამიანები. ტრანსფობიურ დანაშაულებთან ერთად, დღემდე პრობლემურ საკითხად რჩება ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერი პირები ქირურგიული ოპერაციის გარეშე ვერ ახერხებენ სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას. სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს. სწორედ ამ საკითხზე, საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გააგზავნა.[9]

შესაბამისად, საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

- შეიმუშაოს ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. გააძლიეროს ძალისხმევა, ლგბტქი პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში;

- სამართალდამცავ სისტემაში გააძლიეროს ინსტიტუციური მექანიზმები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანად საბრძოლველად;

- სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები/სამართალდარღვევები;

- გაითვალისწინოს ლგბტქი ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმებში.

- სახელმწიფომ უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივი აღიარების გამჭვირვალე და ეფექტიანი ადმინისტრაციული მექანიზმის შექმნა. აღნიშნული არ მოახდენს აღიარების პროცესისათვის არასათანადო და ინტრუზიული სამედიცინო ჩარევის წინაპირობად მოაზრებას.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2020. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/33KWtNv [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[2] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2020.ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hwlnrZ [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[3] თბილისი პრაიდის განცადება, „თავდასხმების სერია თბილისი პრაიდის ოფისზე“, 28.08.2020. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3uRMrpK [ბოლო ნახვა 16.05.2021]

ინტერპრესნიუსის სტატია, „„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია“, 15.05.2021. [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[4] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, 14.05.2121. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3otLode [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[5] პუბლიკას სტატია, „ფალავანდიშვილი მოვარდა და ჩვენი ინსტალაცია დალეწა“ | ქვიარ აქტივისტები ინციდენტზე”,15.05.2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fkykTm [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[6] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2020. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/33KWtNv [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[7]თანასწორობის მოძრაობის განცხადება, „ლგბტქი თემის წევრებს თბილისში თავს დაესხნენ“, 05.2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Rf6XCd [ბოლო ნახვა 16.05.2021]

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, „ლგბტქ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ჰომოფობიური ძალადობის გაძლიერების ტენდენციას ეხმაურებიან“, 04.2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yiaYGD [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[8] საია-ს განცხადება, “ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით”, 17.05.2020. ხელმსიაწვდომია: https://bit.ly/2RYqnem [ბოლო ნახვა 16.05.2021]

[9] ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2DUpSaO [ბოლო ნახვა 16.05.2021]

ასევე, ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2WTV0kR [ბოლო ნახვა 16.05.2021]