ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ - ,,თანასწორობა ახლა-მ/Equality Now“, რომელიც მუშაობს მთელს მსოფლიოში ქალების და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
საქმე შეეხება სექსუალური შევიწროების მსხვერპლის უფლებას, საჯაროდ ისაუბროს საკუთარ გამოცდილებაზე. მიმდინარე დავის ფარგლებში, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახიფათო სტანდარტი დაადგინეს და მსხვერპლის აღნიშნული უფლება შეზღუდეს.
,,თანასწორობა ახლა“ წარდგენილ მოსაზრებებში მნიშვნელოვან ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. მასში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაცია ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან მოელის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და იმ საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტების დაცვას, რომელთა შესრულებაც საქართველოსთვის სავალდებულოა და რომლებიც იცავს გენდერის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლ ქალებს, მათ შორის, მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთი გამოცდილების შესახებ. ამ საქმით საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეუძლია, დაამკვიდროს კარგი პრეცედენტი რეგიონის ქვეყნებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის მხარდასაჭერად და ქალთა უფლებების რეალიზების უზრუნველსაყოფად.“
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია ცილისწამების სარჩელების მეშვეობით, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლთა გაჩუმებისა და დადანაშაულების პრეცედენტები გამოასწოროს. საია იმედს გამოთქვას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო გაითვალისწინებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებებში მითითებულ სტანდარტებს.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://bit.ly/3wSz09Z