2021 წლის 8 ივლისს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახის საქმის განხილვა დაიწყო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების არგუმენტები და სრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვერ შეასრულეს კანონით მათთვის დაკისრებული ვალდებულება დაეცვათ მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სტიქიური უბედურების დროს, რასაც შედეგად მოჰყვა პირის გარდაცვალება. სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სათანადოდ, ასევე დადგინდა, რომ უშუალოდ სტიქიის დროს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაკოორდინირებული მოქმედებების გამო თავიდან ვერ იქნა აცილებული მძიმე შედეგი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და დღეს სწორედ მათ საკასაციო საჩივრებს განიხილავს სასამართლო ზეპირი მოსმენით.
გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების ინტერესებს საია 2015 წლიდან იცავს. საქმეზე მომდევნო სხდომა 2021 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.