1. საიას ადვოკატის დახმარებით მოქალაქემ საკუთარი ქონება დაიკანონა
საიას დუშეთის ოფისს განცხადებით მიმართა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში მცხოვრებმა ნ.ც.-მ, რომელიც ითხოვდა დახმარებას უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. ნ.ც.-ს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. მომმართველმა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და ცნობა საკრებულოდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთი ნ.ც.-ს ჰქონდა კანონიერ სარგებლობაში.
საიას დუშეთის ოფისმა დაიცვა მოქალაქის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში. ადვოკატის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და ქონება დუშეთის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა, როგორც ნ.ც.-ს საკუთრება. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავის დროზე უარი ეთქვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საიას დუშეთის ოფისის უშუალო ჩარევის შემდეგ, დუშეთის რაიონის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა ნ.ც.-ს საქმის პრეცედენტი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ადმინისტრაციულ საჩივარზე და ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ისე, რომ მათ აღარ დასჭირდათ ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.