გუშინ, 2011 წლის 2 მაისს, ოფიციალურ ბეჭდურ ორგანოში გამოქვეყნდა და დღეს ამოქმედდა საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შესახებ”.
შეტანილი ცვლილებები ეხება მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობას, ასევე, ლიცენზიის გაცემის წესებს, მედია მფლობელების მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის მედიის მფლობელობის შეზღუდვისა და სხვა საკითხებს.
არსებული სიახლეების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2012 წლის 1 იანვრამდე, გაასაჯაროვონ ყველა ფიზიკური პირის სახელი ვინც რაიმე ფორმით არის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მფლობელი ან მონაწილეობს მის მართვაში. გარდა ამისა, საჯარო უნდა გახადონ და საკუთარ ვებ-გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია შემომწირველების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის საკითხს და განსაზღვრა, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.