საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განცხადებას საიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის “სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართლებრივი ანალიზი” თაობაზე.
წინამდებარე კვლევაში განხილულია ძირითადად 2009 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა საქმეების სამართლებრივი ანალიზი. აღნიშნული კვლევის განხორციელების აუცილებლობა, სწორედ მას შემდეგ დავინახეთ, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო წრეებში აქტიურად დაიწყო საუბარი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ. საქმეების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი კონკრეტული საქმის მიმართ, ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნისა თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო პოლიტიკური მოტივი.
კვლევა მიზნად არ ისახავდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენას. ჩვენი ამოცანა იყო, განგვესაზღვრა, რამდენად იქნა დაცული სამართლის ნორმები მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და რამდენად იქნა გათვალისწინებული გამოძიების/სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნები.