2011 წლის 27 ივნისს ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს ეხება.
ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს, მივესალმებით ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობების განახლებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება, რომლებსაც რიგი ოპოზიციური პარტიებისა დათანხმდა, სრულად ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
ისევე როგორც ადრე გაკეთებულ განცხადებებში, დღესაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოს პრობლემური საკითხები კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. დათქმა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი წინადადებების გარდა სხვა საკითხებზე შეთანხმება აღარ მოხდება, მიუღებელია, ვინაიდან, შემოთავაზებული დოკუმენტი სისტემურად არ ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის დახვეწა, ფინანსური მონიტორინგის მექანიზმების შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნულ შეთანხმებაში მოცემული რეგულირებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.