ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“.
ოლიმპიდა, ბოლო 5 წელია საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით იმართება და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“. წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ.
წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.
ოლიმპიადას ხელმძღვანელობდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსამართლე გერმანიიდან.