სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა / 2012-02-29 10:51:14

ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 28 თებერვალს დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მოქალაქე თამარ ხიდაშელის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელით საიამ სასამართლოს 2008 წლის ოქტომბერში მიმართა და მოითხოვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა.

ხსენებული ნორმის შესაბამისად, თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვდა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 6 თვემდე. ეს კი, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევდა, ექვსი თვის განმავლობაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ფარული მოსმენები ეწარმოებინათ კონკრეტული პირების მიმართ, რითაც ირღვეოდა  საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით წაკითხვას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელი იყო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის განხორციელება სასამართლო კონტროლის გარეშე.

საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მომხდარიყო ვადის გაგრძელება მათ შორის ისეთი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებაზე, რომლებიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს. ეს კი იწვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შესაბამისად, დააკმაყოფილა საიას სარჩელი და სადავო ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად.

 

საია 53-ე სკოლის მოსწავლე მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეპლიკას ეხმაურება / 2012-02-29 12:01:49

ახალი ამბები

2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია.

მიხეილ ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხეს, რის საფუძვლადაც მითითებულ იქნა სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. თუმცა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე (და არა ალექსიძის წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

ალექსიძის საკითხით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნულ საქმეში არაერთი დარღვევა გამოავლინა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის რეკომენდაციას რეაგირება არ მოჰყოლია.

მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, რელიგიური გაერთიანებების შესახებ, საჯარო დისკუსია გაიმართა / 2012-03-01 12:25:01

ახალი ამბები

 

2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. განხილვის თემა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების მდგომარეობა და მათთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

დისკუსიის პროცესში განიხილებოდა საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების დევნისა და შევიწროვების ფაქტები, აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ასევე სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი მისი მოგვარების პროცესში.

ღონისძიებაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგიის დოქტორი ვაჟა ვარდიძე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.

დისკუსიის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა.

 

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკანონმდებლო წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს / 2012-03-02 12:57:18

ახალი ამბები

 

დღეს 12:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.

კონფერენციის პირველ ნაწილში საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე ისაუბრეს და დეტალურად წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

შეხვედრის მეორე ნაწილში კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა ორი მიმართვა გაავრცელეს, რომლებიც განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლების,  ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისთვის (ODIHR).

 

სოლომონ ქიმერიძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით, საია გამოძიებას მტკიცებულებების გამოქვეყნებას სთხოვს / 2012-03-03 11:04:22

ახალი ამბები
საია მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილი  სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებს და სურვილის შემთხვევაში, მათ სათანადო იურიდიული დახმარების აღმოჩენას სთავაზობს. საქმესთან დაკავშირებით კი, საია სახელმწიფოს ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების ჩატარებას სთხოვს. კერძოდ,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით 2012 წლის 27 თებერვალს სოლომონ ქიმერიძე  ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით ღია წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები წარმოშვა მომხდარზე შსს ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. მათ შორის,  სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ  2012 წლის 27 თებერვალს დაკითხვის დროს ს. ქიმერიძეს ოფიციალურად არც ბრალი ჰქონდა წაყენებული და ის არც დაკავებული იყო.   2012 წლის 2 მარტს ინტერნეტ გამოცემა tspress.ge-ის მიერ გავრცელდა  გარდაცვლილ ს. ქიმერიძისთვის გადაღებული ფოტო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სერიოზული  და მძიმე ხასიათის ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, დაზიანებები თვალის ბუდის ირგვლივ და ხელის მაჯაზე.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პასუხი დავით ბაქრაძეს / 2012-03-07 11:11:27

ახალი ამბები

დღეს, 2012 წლის 7 მარტს,  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოეხმაურნენ  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებას.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდეც ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, კამპანიის მონაწილეებისთვის მისასალმებელია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ.

საიას განცხადება კონტროლის პალატის მიერ საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების მასობრივ ჩამორთმევასთან დაკავშირებით / 2012-03-13 14:04:45

ახალი ამბები

გასული ორი დღის მანძილზე საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში მასიურად იბარებს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეები დაიბარეს ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით მოქალაქეს საქართველოს კონტროლის პალატიდან ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდა. უწყების თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები დაბარებულნი იყვნენ ახსნა-განმარტების მისაცემად.

ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დღესაც მიმდინარეობს. 12 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში  მოქალაქეებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში ადმინისტრაციულ შენობაში  შეზღუდული იყო გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც მოქალაქეების, ასევე ჟურნალისტებისთვის.  მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 12 მარტს ლანჩხუთში ახსნა - განმარტების ჩამორთმევა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბარებული მოქალაქეები რიგ შემთხვევებში არ იყვნენ უზრუნველყოფილნი დაცვის უფლებით.

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადება / 2012-03-14 09:37:13

ახალი ამბები

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების  მიერ საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში მოქალაქეების დაკითხვისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ეშლებათ ხელი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით -"ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა“ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი უნდა განხორციელებულიყო ღიად, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი, ჟურნალისტებს   არ მიეცათ მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლის უფლებაც კი.

დღეისათვის იგივე მეთოდებით გრძელდება მოქალაქეთა დაკითხვა. ჟურნალისტებს  შეზღუდული აქვთ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ამასთანავე მათ ზეპირი ფორმით ეუბნებიან, რომ  მუნიციპალიტეტებში გადაადგილება შეიზღუდა სწორედ დღეიდან.  ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით სპეციალური ნებართვაა საჭირო, უნდა არსებობდეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, წინასწარ იცოდეს იგი, რადგან რეგულაცია ქცევის ზოგად წესს ეხება და იგი ნორმატიული ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახად ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს,  დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვისას  ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება / 2012-03-15 06:22:40

ახალი ამბები

2012 წლის 13 მარტს  საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების  მიერ ჩოხატაურში მოქალაქეებისგან ახსნა-განმარტების მიღებისას, საიას იურისტის მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა. აღსანიშავია ის გარემოება, რომ დაცვის თანამშრომლებმა სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით საიას წარმომადგენლები, ისევე როგორც დასაკითხი პირები შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდით გაჩხრიკეს. სამივე ადვოკატს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს. რაც ცალსახად შეურაცხმყოფელი ფორმებით ხორციელდებოდა.

საიას ადვოკატს, გია ქარცივაძეს ხელი შეეშალა უფლებამოსილების განხორციელებაში. კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გაგა ჩანქსელიანმა   არ მისცა დასმული კითხვების ჩაწერის  საშუალება.  ცდილობდა ადვოკატის პროვოცირებას. პროცესში საიას იურისტი ახორციელებდა ერთ-ერთი დასაკითხი პირის წარმომადგენლობას. იურისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კითხვები დაახლოებით შემდეგი ფორმულირების იყო:

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეები კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვის პროცესს ეხმაურებიან / 2012-03-16 06:33:08

ახალი ამბები

2012 წლის 15 მარტს 13 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. საუბრის მთავარი თემა ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვის პროცესების მიმდინარეობა გახლდათ.

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი) განხორცილდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა და მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები. დაკითხულთა რაოდენობამ უკვე 150-ს  გადააჭარბა.

კამპანია „ეს შენ გეხება“ უარყოფითად აფასებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. კამპანიის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ: