სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით / 2011-12-03 09:40:33

ახალი ამბები

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს ყურადღება გაამახვილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომაროებასთან დაკავშირებით.

საია ამოდის რა, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული, ადამიანის პატივისა და ღირსების ფუნდამენტური უფლებისა და ადამიანის, როგორც თავისთავადი ღირებულების არსიდან, ხაზს უსვამს რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სხვებთან თანასწორ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, უნდა სარგებლობდნენ ძირითადი უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვით.

აქვე, საია ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში, დღემდე რჩებიან ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად. მათი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები მრავალგანზომილებიანია და გამოიხატება, როგორც ყოველდღიურ სოციალურ ბარიერებში, ისე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი არასათანადო ძალისხმევის შედეგად წამოჭრილ არაერთ წინააღმდეგობაში, რაც საბოლოო ჯამში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესების შეფერხებაში გამოიხატება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით გორსა და თელავში საჯარო დისკუსიები გამართეს / 2011-11-11 19:32:54

ახალი ამბები

2011 წლის 8 და 11 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ქ.გორსა და თელავში საჯარო დისკუსიები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ,,საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ - IFES საქართველოს წარმომადგენლობისა და USAID-ის  მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საიას განცხადება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით / 2011-11-16 10:41:28

ახალი ამბები

დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. საია ყველა განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს ულოცავს ამ თარიღს.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას საფუძველი  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1996 წლის 51/95 რეზოლუციამ დაუდო. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის, ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას. ტოლერანტობის პრინციპის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოს რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად.

საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური, ასევე ისეთი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული.

 

საია ეხმაურება პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტსა და მის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს / 2011-11-18 08:51:48

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა ინიცირება გაუკეთა პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონსტიტუციის ნაწილობრივი გადასინჯვის მიზნით, სავალდებულოა შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც პარლამენტის მიერ პროექტის განხილვამდე ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის მასთან დაკავშირებულ მასალებს.

11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა კომისია 28 წევრის შემადგენლობით. საია აღნიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრია, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის მხოლოდ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავს კომისიებში მონაწილეობის საკითხი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან წინასწარ იქნება შეთანხმებული.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, მყისიერი და ქმედითი რეაგირება მოახდინოს გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის საქმეზე / 2011-11-21 13:57:01

ახალი ამბები

გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინეს პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, იგი შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავიდანვე იცავდა თედო ჯორბენაძის ინტერესებს და ითხოვდა დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

2011 წლის 20 ნოემბერს შანტაჟის თვითმხილველმა, გაზეთის გამომცემელმა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ამოიცნო დავით დევნოზაშვილი ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინასთან, თბილისში, დოლიძის #26-ში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მზია ამაღლობელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მათთან ერთად იყვნენ გამომძიებლები. მზია ამაღლობელის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ადგილზე ოქმი არ  შეადგინა, ანუ არ მოახდინა მომხდარი ფაქტის დოკუმენტირება. მათი სიტყვიერი განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს.

საიას შენიშვნები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულების პროექტზე / 2011-11-25 16:47:21

ახალი ამბები

2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ორგანულ კანონში ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი კომისია. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი საკითხების მოწესრიგება, როგორიცაა აღნიშნული კომისიის მანდატისა და საქმიანობის წესის მკაფიოდ განსაზღვრა, კომისიის დანახარჯების დეტალურად დადგენა და კომისიის ხელთ არსებული ფინანსების მონიტორინგისა და მისი საქმიანობის შეფასებისათვის გარკვეული მექანიზმების შემუშავება.

საიას განცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით / 2011-11-26 11:50:13

ახალი ამბები

2011 წლის 18 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნეს ბრალდებული პირები.

19 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დაზარალებული პირის ოჯახის წევრებს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა სასამართლოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა "სწორი" გადაწყვეტილება მიიღეს, დამნაშავეები დასაჯეს და ერთგვარი მადლიერებაც გამოხატა მსაჯულების მიმართ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების გამო.

საია უერთდება პრესის ასოციაციის განცხადებას და დღევანდელ აქციას ქ. თბილისის მერიის მიერ პრესის გავრცელების პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით / 2011-11-29 07:17:08

ახალი ამბები

საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულება აკისრია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმ პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორების აღმოფხვრაში, რომელთა არსებობა ხელს შეუშლის თავისუფალი სიტყვის გავრცელებას.

საია იზიარებს პრესის ასოციაციის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სავაჭრო ჯიხურების განთავსებაზე აუქციონის იმ ფორმით ჩატარება, როგორც ეს განახორციელა ქალაქ თბილისის მერიამ თავისუფალი კონკურენციის ფარგლებში, სხვა არაფერია თუ არა ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ირიბი ფორმით შეზღუდვა. დაუშვებელია, კვების პროდუქტებისა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის მიზნით, სავაჭრო  ჯიხურებზე ნებართვის გაცემა ხდებოდეს სრულიად იდენტური პირობებით და ერთმანეთისაგან გაუმიჯნავად.

საია ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება / 2011-11-30 10:29:36

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, ტელეკომპანიის ეთერი გაითიშა. იქ მომუშავე ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ შენობაში შესვლის და თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება. 
მოგვიანებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და თანამშრომელთა ნაწილმა შენობაში შეღწევა მოახერხეს. ამ დროისთვის "მაესტრო" პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს, თუმცა, არხის დამფუძნებელთა ინფორმაციით, კვლავ არსებობს ეთერიდან „მაესტროს“ გათიშვის საფრთხე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავად მედიასაშუალების მიერ. საია მოუწოდებს “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს და მათ შორის არსებული  დაპირისპირება გადაწყვიტონ სამართლებრივი გზით, რათა არ მოხდეს გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ ხელშეშლა.

საია მოუწოდებს პარლამენტს გააუმჯობესოს კანონპროექტი კონკურენციის შესახებ / 2011-12-01 09:19:24

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა კონკურენციის სფეროს რეფირმირებას გეგმავს. ამ მიზნით შემუშავებულ ახალ კანოპროექტს საქართველოს პარლამენტი განიხილავს. გუშინ, 29 ნოემბერს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს სამართლებრივი დასკვნა გადაუგზავნა. უფრო ადრე, 1 ნოემბერს საიას მოსაზრებები წერილობითი სახით მიეწოდა საქართველოს მთავრობას. ასოციაციის შენიშვნები შეეხება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და საჩივრების განხილვის წესს.

კანონშემოქმედების მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კონკურენციის ახალი ნორმების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის მყარი გარანტიების შექმნა. ერთის მხრივ, აღნიშნული ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო გავლენებისაგან, ვინაიდან ის სახელმწიფო დახმარებებსაც უწევს ზედამხედველობას, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუკერძოებელი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტების მიმართაც.

კანონპროექტით, სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ჩანაწერი სააგენტოს თავმჯდომარის საქმიანობას არასტაბილურად აქცევს. მისი ბედის მინდობა მთავრობის ხელმძღვანელისთვის მით უფრო სარისკოა, რამდენადაც სააგენტო სწავლობს მთავრობის მიერ გაცემული სახელმწიფო დახმარებების კანონიერებასაც. ამ ვითარებაში, უმჯობესია რეპრესიის ყველანაირი საშუალების მოცილება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. მიგვაჩნია, რომ სააგენტოს თავმჯდომარისათვის ხელშეუხებლობის მეტი გარანტია უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით, უპრიანია კანონმა გაითვალისწინოს პარლამენტის როლი სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნაში და განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ვადა.