დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ - ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა არსებული კანონდებლობის ხარვეზებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებები დეტალურად წარმოადგინეს, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ არჩევნების დღეს პროცედურების დახვეწას, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის მედიათანაბრობას, საკაბელო არხებით საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
7 მაისს კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს ახალი საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს ორგანულ კანონში - „ საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.