კამპანია „ეს შენ გეხებამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლოდროინდელ საქმიანობასა და წინსაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, 2012 წლის 10 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ამ რთულ წინასაარჩევნო პერიოდში ბოლო დროს განვითარებულ კიდევ უფრო კრიტიკულ მოვლენებს, მოკლედ შევაჯამოთ არსებული ვითარება და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამა წლის პირველი იანვრიდან ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესებსა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება. ამ ხნის განმავლობაში, დაგვიგროვდა მდიდარი მასალა, რაც უკვე გვაძლევს შესაძლებლობას პირველადი და ზოგადი შეფასება მივცეთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მართლაც, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ.
ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. არა ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი საქმიანობის დასაწყისში ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა, თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არა აქვს ადგილი. მმართველი პარტიის მიმართ მიღებული მცირე მასშტაბის, არაადექვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილებები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები, გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს.