2016 წლის 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა მიშველაძემ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოთხოვნილია ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის“ გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, ეკა მიშველაძის სამსახურში აღდგენა და სხვა თანმდევი მოთხოვნები. ასევე, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის“ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა 2016 წლის 11 თებერვალს მიიღო. თუმცა, როგორც ცნობილია, გადაცემა ,,პირველი სტუდია“ ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან (2015 წლის სექტემბერი) აღარ გადის, რის მიზეზადაც ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადაცემის დახურვას ასახელებდა. როგორც აღმოჩნდა, გადაცემა ოფიციალურად 2016 წლის თებერვალში გაუქმდა.