2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა: • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში; • საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები). სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მომზადებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ: არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის თუნდაც მინიმალურ სტანდარტს დაადგენს; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან არის დაკავშირებული ვერ ჩაითვლება კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად; სააგენტოს მართვის რგოლში შემავალ საწარმოებში დაბალია იმ საწარმოთა რიცხვი, რომელთაც გააჩნიათ ეთიკის მარეგულირებელი წესები და თვიშეფასების დოკუმენტები; სააგენტოს მართვაში არსებულ არცერთ საწარმოში, ამ დრომდე მმართველი რგოლის დანიშვნა კონკურსის წესით არ განხორციელებულა და სამწუხაროდ, მსგავსი ვალდებულება არც კანონით არის განსაზღვრული.