სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხილვა დიდ ბრიტანეთში / 2006-05-29 20:00:00

ახალი ამბები

23-24 მაისს მანჩესტერში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციის კომისრების მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის "ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა და ფინანსური გამჭვირვალობა" კოორდინატორმა თამარ გურჩიანმა. აქვე გაიმართა "ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივის" მიერ ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს "მანჩესტერის დეკლარაცია", რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ  ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტურ უფლებად იქნეს აღიარებული. ეს უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის.

დანართში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ "მანჩესტერის დეკლარაციის" სრული ტექსტი

 

მანჩესტერის დეკლარაცია

აქცია “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე” / 2006-05-31 20:00:00

ახალი ამბები

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ალიანსმა “მომავალი სიღარიბის გარეშე”, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისსა და ქუთაისში აქცია გამართა. აქციას ერქვა “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე.”

12 საათზე ფილარმონიას თეთრი სარტყელი შემოეკრა, რომელიც სიღარიბესთან ბრძოლის სიმბოლოა და ფილარმონიის აივნიდან გაიშვა ათასი საჰაერო ბურთი ათას “ათასწლეულის გზავნილთან” ერთად.

ის 50 ადამიანი, ვინც ათასწლეულის ბარათს იპოვნის და მას 30 სექტემბრამდე ყველაზე შორი მანძილიდან გამოგვიგზავნის, პრიზს მიიღებს.

14.00 საათზე ქუთაისში საჰაერო ბურთებისა და ათასწლეულის გზავნილის აქციასთან ერთად აღმაშენებლის მოედანზე თოჯინების თეატრმა ბავშვებისათვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენა გამართა.

კორტებთან მოკლული ვაზაგაშვილის მშობლები გამოძიებამ დაზარალებულად არ სცნო / 2006-06-13 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2 მაისს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები ქალაქის პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების ინტერესებს იცავს.

საიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, რომლითაც ის გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვდა.

ქალაქის პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ სცნო. მოტივად მათ კონკრეტულ ფაქტზე დაწყებული საქმის წარმოება დაასახელეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს ამ ფაქტით სასამართლოზე გამოსვლის უფლება ჩამოერთვათ და მათ არ შეუძლიათ საქმეზე ობიექტურობის დადგენისათვის გამოძიებაში აქტიურად ჩართვა. ეს კი გამოძიების მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უგულველყოფას წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა / 2006-06-19 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი “საქართველოს საბაჟო კოდექსის” იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით) რომლის თანახმად სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისთვის გადაცემული დოკუმენტები კომერციულ საიდუმლოებად ითვლება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილებით ეჭქვეშ დააყენა ყველა ის ღირებულება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მონაპოვრად იყო აღიარებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულებებს შესაძლებელია გააჩნდეთ კომერციული საიდუმლოება: “სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად დასაშვებად არის მიჩნეული სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან, რაც სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტზე მუშაობა დაასრულა / 2006-06-21 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მუშაობა დაასრულა პროექტზე "საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კანონთან მიმართებაში".

პროექტი ხორციელდებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  (ეუთოს) ფინანსური მზარდაჭერით 9 თვის განმავლობაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გირგვლიანის სასამართლო პროცესის მონიტორინგს განახორციელებს / 2006-06-25 20:00:00

ახალი ამბები

ხვალ, 27 ივნისს, საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განახორციელებს დამოუკიდებელ მონიტორინგს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. საიას იურისტები სასამართლო პროცესებს დაესწრებიან და სპეციალურ სამართლებრივ დასკვნას გააკეთებენ.

როგორც საიას თავმჯდომარე ანა დოლიძე აცხადებს: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესებს სისტემატურად დაესწრებიან და საზოგადოებას პროცესის მიმდინარეობის ობიექტურ სურათს გააცნობენ.”

საიას ძალისხმევით ოზურგეთის რაიონის ბიუჯეტი კანონმდებლობის ჩარჩოში მოექცა / 2006-06-26 20:00:00

ახალი ამბები

ოზურგეთის რაიონის გამგეობამ და რაიონის საკრებულომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინეს და რაიონის 2006 წლის ბიუჯეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებები შეიტანეს.

ოზურგეთის რაიონის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2006 წლის ბიუჯეტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელი "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 24 თებერვალს შეიტანეს.

საიას წარმომადგენლობით ვახტანგ მაჭავარიანმა სასამართლო პროცესი მოიგო / 2006-06-27 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის სასარგებლოდ 1,5 წლის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვახტანგ მაჭავარიანის სარჩელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დავისა და სპორტის სამინისტროს ბრძანება ვახტანგ მაჭავარიანის განთავისუფლების ნაწილში და დაეკისრა ახალი ბრძანების გამოცემა, რომელშიც განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნება ვახტანგ მაჭავარიანის პირადი განცხადება. გარდა ამისა, “შრომის კანონთა კოდექსის” 98-ე მუხლის შესაბამისად სამინისტროს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის 15 ივნისიდან 2006 წლის 30 იანვრამდე ხელფასის ანაზღაურება.

საია საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს, პირდაპირ ეთერში გადასცეს გირგვლიანის სასამართლო პროცესი / 2006-06-28 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 29 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა. წერილით ის თამარ კინწურაშვილს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გადაცემას სთხოვს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, “უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ”.

იმდენად, რამდენადაც აღნიშნული სასამართლო პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, აუცილებელია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გასვლა. ეს ამავდროულად ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას სასამართლოს ობიექტურობისადმი.

დევნილთა დარბევა აჭარაში / 2006-06-28 20:00:00

ახალი ამბები

დღეს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა აჭარაში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში – სასატუმრო “მესხეთში” – და დაიწყო იქ მყოფი დევნილების ძალის გამოყენებით გამოსახლება. გამოსახლებას ახორციელებდა ე.წ. სპეცრაზმი, რომლის წარმომადგენლებიც არანაირ განმარტებას არ აკეთებდნენ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არ აცნობდნენ მოსახლეობას თავიანთ ვინაობას და გამოსახლების საფუძვლებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებლივად აფასებს რა მიმდინარე მოვლენებს, აცხადებს რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უხეშად არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებს სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა იცავდეს, მით უფრო იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც დროებით საცხოვრებელ ადგილზე იმყოფებიან. მათი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა ევალება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.