სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია საქალაქო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს / 2006-09-16 20:00:00

ახალი ამბები

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეაქვს. საჩივარი შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს  16 სექტემბრის განჩინების უკანონოდ ცნობისა და საქმის არსებითად განხილვისათვის დაბრუნებას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების თამარ გურჩიანის, თამარ კორძაიას და ზურაბ ჯიბღაშვილის სასარჩელო განცხადება. სასარჩელო განცხადება შეეხებოდა თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის "საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტიისა" და "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის" სიის პარტიული სიების რეგისტრაციის ნაწილში ცესკოს განკარგულების ბათილად ცნობას. მოსამართლე თინათინ ეცადაშვილმა განჩინებაში, რომლითაც საიას წარმომადგენლებს უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე, აღნიშნა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ სათანადო სუბიექტები აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო კურსები / 2006-09-18 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას 20 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე სასწავლო კურსებზე

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს გთავაზობთ  სწავლებას 5 მიმართულებით:

  1. კურსი “შესავალი სამართალში”( დამწყებ კურსელთათვის)
  2. სისხლის სამართალი
  3. სამოქალაქო სამართალი 
  4. კონსტიტუციური სამართალი 
  5. საერთაშორისო სამართალი

(თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ. დანართი #1, #2, #3, #4, # 5)

კანონდარღვევები წინასაარჩევნო აგიტაციის დროს საქართველოს რეგიონებში / 2006-09-20 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა კანონდარღვევებიც.  

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის უფლება არ აქვთ, “სახელწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს”.  13 სექტემბერს, ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ეთერით გადაიცა სიუჟეტი სახურავებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის შეკეთების ღონისძიებებზე. ამ სიიუჟეტში შოთა რუსთაველის სახელობის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით მიშველაძე აცხადებს: “ქალაქის მთავრობა, ქალაქის მერი და ნაციონალური მოძრაობა იჩენს კეთილ ნებას და წილობრივი დაფინანსებით ვეხმარებით ჩვენ მოსახლეობას.” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას რუსთავის მერის მოადგილემ წერილობით აცნობა, რომ სახურავებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის შეკეთების ღონისძიებები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან (70%) და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ (30%). მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის განცხადება აშკარა წინასაარჩევნო აგიტაცია და აშკარა კანონდარღვევაა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელს ემუქრებიან / 2006-09-20 20:00:00

ახალი ამბები

დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსთავის ოფისში ბრიფინგი მოაწყო. ბრიფინგის თემა გახლდათ “კანონდარღვევები წინასაარჩევნო აგიტაციის დროს საქართველოს რეგიონებში”. ბრიფინგზე ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად საიას რუსთავის ოფისის თანამშრომელი ლელა ბექაური გამოვიდა. პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათის შემდეგ მას სახლში დაურეკეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

ლელა ბექაურმა პრესკონფერენციაზე იმ კანონდარღვევებზე ისაუბრა, რომელიც რუსთავის  მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის საარჩევნო შტაბში ხდებოდა, სადაც მოსახლეობას ვაუჩერებს ურიგებდნენ. ვაუჩერები ელექტროენერგიის 37 კილოვატის საფასურის შეღავათს მოიცავდა. აღნიშნული ვაუჩერები გაიცემოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის სახელით, როგორც მისი წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ლელა ბექაური გახლდათ ის თანამშრომელი, ვინც აღნიშნული დარღვევა გამოაშკარავა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ და ობიექტურ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას, რომლებიც ახორციელებენ მუქარის ზარებს. ბუნებრივია, ყველა ასეთი შემთხვევა, რომლებიც რეაგირების გარეშე დარჩება, წარმოშობს ხელისუფლებისაგან დამნაშავეთა მფარველობის ეჭვს.

მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე / 2006-09-21 20:00:00

ახალი ამბები

22 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო ’’მოახლოებული თვითმართველობის არჩევნები.’’ მოწვეულები იყვნენ ბათუმში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე პრესსამსახურების თანამშრომლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები. სახელისუფლებო გუნდიდან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს მმართველი პარტიისა და მერიის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე საუბარი იყო მომავალ არჩევნებზე და ცესკოს განკარგულებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სახის დარღვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო აგიტაციას ახლავს თან. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ისაუბრა სიებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ.

ბათუმში ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის არჩევნების თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში 26 სექტემბერს ტრენინგი გაიმართება.

ცესკოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს გაიმართება / 2006-09-22 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი სასამართლო პროცესი კვირას, 24 სექტემბერს, 14.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ განჩინება გამოიტანა. მან არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლის სტატუსით ცესკოში რეგისტრირებულ ასოციაციის დამკვირვებლებს არ აქვთ პარტიულ სიაში შეტანილი კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე ცესკოს განკარგულების გასაჩივრების უფლება.

საიას თელავის ოფისი მოსახლეობის უფლებების დასაცავად / 2006-09-24 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისს  განცხადებებით მომართა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" უხეშად არღვევდა მათ უფლებებს.

ამის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. საიამ მოითხოვა სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ  მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და  განხილვა.  აღნიშნულ განცხადებას შეუერთდა თელავის რაიონში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია.

საიას თელავის ოფისის კიდევ ერთი წარმატება / 2006-09-25 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საიას თელავის ოფისი სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად თელავში ინდივიდუალური გამრიცხველიანების ტარიფის კანონიერებას დადგენას მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხი სპეციალურმა კომისიამ განიხილა, სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ დაწესებული ტარიფის არაკანონიერება დადასტურდა. ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებისათვის კომპანია მომხმარებლისგან 50, მოგვიანებით კი 72 ლარს ითხოვდა, რომელიც მოქალაქეებს 2 წლის განმავლობაში უნდა დაეფარათ.
 
აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სემეკის სხდომაზე და ის მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდა. მარეგულირებელმა ორგანომ აუკრძალა სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციას" აღნიშნული თანხის მოსახლეობისათვის დაკისრება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ კახეთის ენერგოდისტრიბუციას დაევალა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მოხმარების კანონით დადგენილი ტარიფის დაკისრება. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს 13 თეთრის ნაცვლად ხშირად 17 თეთრს ახდევინებდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც მუშაობს ელექტოენერგიის მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევებზე და მოსახლეობის ინტერესებს იცავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს დადგენილების მიღების თხოვნით მიმართავს / 2006-09-26 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს წინადადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებით ახალგაზრდა იურისტები საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას მოითხოვენ. ეს ცესკოს დადგენილებითაა შესაძლებელი.  საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს დევნილთა მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დევნილის მოწმობის წადგენას. დევნილებს შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ხმას აძლევს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის (დროებითი მისამართის) მიხედვით. 

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში მითითებულია იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი მისამართი - დევნილის მოწმობაში. შესაბამისად, თუ დევნილს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად არ ექნება დევნილის მოწმობის წარდგენის ვალდებულება, შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რამდენად კანონიერად ხდება დევნილის მიერ აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. გარდა ამისა, მოცემულ ვითარებაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთმა და იმავე პირმა რამდენიმე საარჩევნო უბანში მისცეს ხმა, რაც იძლევა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27

ყველაზე გამჭვირვალე და არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებები / 2006-09-26 20:00:00

ახალი ამბები

28 სექტემბერი ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეა. ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რაც ყველაზე გამჭვირვალე/არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე, იმ საჯარო მოხელეების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც ეფექტურად/არაეფექტურად იყენებენ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებს. გამოკითხვა იმ ადამიანებს შორის ჩატარდა, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. გამოკითხვამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: