სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიამ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა / 2006-07-02 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს.

ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით სარგებლობენ და მოქალაქეებს სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ. მაგალითად, 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გიორგი ჩემიამ ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღის ვადით შეუფარდა მოქალაქე ვახტანგ მასურაშვილს. ზემოაღნიშნული მუხლით, ოცდაათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც.   

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე “ოჯახური ძალადობა” / 2006-07-03 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 ივლისს ატარებს ჟურნალისტთათვის ტრენინგს თემაზე “ოჯახური ძალადობა”.

ტრენინგი დაიწყება 11.00 საათზე და გაგრძელდება 16.00 საათამდე.

ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მისამართზე კრილოვის ქ. 15.

ტრენინგის მიზნებია:

  • ოჯახური ძალადობის საკითხის ძირითადი არსის გაცნობა; 
  • სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გაცნობიერება; 
  • სამოქმედო გეგმაში ასახული ძირითადი  მიმართულებების განხილვა;
  • საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების სფეროებისა და დებულებების შესწავლა;
  • ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და შესაძლებლობების შემეცნება.

ტრენინგში მონაწილეობა ჟურნალისტთათვის უფასოა.

ტრენინგში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 9 ივლისამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ტელ. 936101 ან 952353
ან დაგვიკავშირდით იმეილზე: presscenter@gyla.ge
საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული

კონკურსი სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლების სცენარებზე / 2006-07-05 20:00:00

ახალი ამბები

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის კავშირის მხარდაჭერით ახორციელებს  "საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის” პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლების სცენარებზე შემდეგ თემებზე:

ჟურნალისტ ეკა ხოფერიაზე ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია / 2006-07-06 20:00:00

ახალი ამბები

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა მყარ ტენდენციად იქცა. თუმცა იშვიათია ფაქტები, როცა ჟურნალისტები ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალტ ეკა ხოფერიას მხრიდან სამოქალაქო პოზიციის დაკავება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისასალმებელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს ჟურნალისტი ეკა ხოფერიასათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით. ამ მუხლის თანახმად, “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან” დასჯადია.  დასჯადია ასევე იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 

ის პირები, რომლებიც აშკარად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტ ეკა ხოფერიას პროფესიულ საქმიანობაში, უნდა გამოაშკარავდნენ და დაეკისროს მათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თავის მხრივ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს მზადყოფნას, ეკა ხოფერიასა თუ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული თავისუფლებაც იზღუდება, დაუდგეს მხარში  და დაეხმაროს მათ, სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები.

უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე თამაზ ილიაშვილი ისევ გაამართლა / 2006-07-10 20:00:00

ახალი ამბები

11 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ილიაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.  სადისციპლინო პალატამ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და განსახილველად უკან დააბრუნა კოლეგიაში.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკვე მეორედ გაუქმდა. გადაწყვეტილება პირველად გაუქმდა 2006 წლის 9 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგის მიერ.

თამაზ ილიაშვილის ინტერესებს სასამართლოში სხვა ადვოკატებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

საიას რეკომენდაციები აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით / 2006-07-12 20:00:00

ახალი ამბები

საიამ რეკომენდაციები წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკურ ბიუჯეტში აჭარის სარეზერვო ფონდის განმარტებასა და ხარჯვის პროცედურებთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ამჟამად მუშაობს კანონპროექტზე "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მესამე წელია ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდების მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად საიამ გამოავლინა არაერთი დარღვევა, რაც ძირითადად სარეზერვო ფონდების სახსრების არამიზნობრივ, თვითნებულ ხარჯვასა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მუდმივ დარღვევაში გამოიხატებოდა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები შესთავაზა.

წამების წინააღმდეგ ახალი ეროვნული სისტემა იქმნება / 2006-07-17 20:00:00

ახალი ამბები

დღეს, 18 ივლისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმამ” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის თემა გახლდათ წამების წინააღმდეგ ახალი ეროვნული სისტემის შექმნა.

2002 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო წამების, სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმი. 
 
ოქმის მიზანია, შეიქმნას ახალი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, რეგულარულად მოინახულონ დაკავებული და დაპატიმრებული პირები თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში. თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან რეგულარული სტუმრობა შეამცირებს მათ წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

ტრენინგი ტრეფიკინგის თემაზე / 2006-07-20 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22-23 ივლისს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (ბულაჩაურის #7) ტრენინგს ატარებს. ორდღიანი ტრენინგი, რომელიც პროექტის ,,არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს” ფარგლებში ტარდება, ეწყობა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებისათვის;
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
  • სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისათვის;
  • აეროპორტის თანამშრომლებისათვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწვეული ექსპერტები ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში ტრეფიკინგის მარეგულირებელ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტებს გააცნობენ. ტრენინგი ემსახურება ასევე მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტრენინგი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს სასამართლო პროცესი მოუგო / 2006-07-24 20:00:00

ახალი ამბები

დღეს, 25 ივლისს, დასრულდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო პროცესი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიგო. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა. 

საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2006 წლის 9 თებერვალს მიმართა, სასამართლოში სარჩელი კი ამავე წლის 21 მარტს შეიტანა. საერთო სასამართლეობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის სრული დარღვევით, 2006 წლის 15 მაისს მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა.

საიამ არ თქვა სარჩელზე უარი და მოპასუხე იძულებული გახდა თავად ეღიარებინა სარჩელი.

აღნიშნული სასამართლო პროცესით საიამ მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაამკვიდრა. დღემდე, აბსოლუტურად ყველა სასამართლო დავაში, რომელშიც მოპასუხე სასამართლო განხილვამდე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას (ანუ გასცემდა საჯარო ინფორმაციას) მოსარჩელე უარს ამბობდა სარჩელზე, შესაბამისად, იხდიდა სახელმწიფო ბაჟს და საქმის წარმოება კი წყდებოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ეს სასამართლო პრეცედენტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიულ საქმიანობაზე. იგი ამავე დროს ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის დროულ გაცემას და ამ საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას.

საიას ძალისხმევით საჯარო ინფორმაციის გაცემა უფრო ხელმისაწვდომი ხდება / 2006-07-24 20:00:00

ახალი ამბები

20 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.
 
იურისტთა ასოციაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. საიას განცხადებები საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და სასამართლო ინსტანციების მიერ სწორედ გასაჩივრებულ დებულებებზე დაყრდნობით არ კმაყოფილდებოდა.  სადავო ნორმათა ტექსტის მათ მიერ აღიარებული ინტერპრეტაცია გაუმართლებლად - მონაცემთა შინაარსის შეფასების გარეშე ზღუდავდა გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის შედეგად შექმნილი ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობას. ამგვარი შეზღუდვა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული  ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა გარდა სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისა (41-ე მუხლი) ან გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეზღუდვა უკიდურესი სოციალური საჭიროებით არის განპირობებული სხვა თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად (24-ე მუხლი).

საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული დებულებებით გამოწვეული ზიანი არა მათი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის, არამედ არასწორი გამოყენების შედეგად მიიჩნია. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოცემული გასაჩივრებული დებულებების რამდენიმე განმარტებით გაზარდა მათი დამკვიდრებული მნიშვნელობა და ინფორმაციის შემზღუდველი არაკონსტიტუციური პრაქტიკის გამოსწორების შესაძლებლობა შექმნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება