თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა 2013 წლის პირველ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს სტუდენტების ორგანიზებით მიმდინარე მანიფესტაციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა. პოლიციის მიერ მანიფესტაციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო მაშინ, როდესაც მანიფესტაციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და მის დასრულებამდე 8-10 წუთი იყო დარჩენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოს წარედგინა მანიფესტაციის 37 მონაწილის მიმართ. ამათგან 32 პირის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებების ნაწილი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის მიღებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ანალიზი მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეების განხილვის შედეგებს.