სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

„საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“ - რიგით მეხუთე ანტიკორუფციული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია / 2006-12-13 20:00:00

ახალი ამბები

14 დეკემბერს 15:00 საათზე სასტუმო თორში (ჭანტურიას ქ#10) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოაწყო კამპანიის „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“ - რიგით მეხუთე ანტიკორუფციული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია.

გამოცემა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს მოიცავს.

ანგარიში მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული საია-ს პროექტის - „ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი“-ის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე ესწრებოდნენ სახელმწიფო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ „ადამიანის უფლებების კვირეული“-ს ფარგლებში ჩატარდა.

„შევაჩეროთ ოჯახური ძალადობა!“ / 2006-12-14 20:00:00

ახალი ამბები

15 დეკემბერს 11.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” ერთად ჩაატარა აქცია “შევაჩეროთ ოჯახური ძალადობა”!

აქციის მონაწილეებმა რუსთაველისა და მარჯანიშვილის მეტროებთან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის 1 კორპუსთან და ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან სპეციალური ბუკლეტები და ბროშურები დაარიგეს.

ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია. ამ სენისაგან არცერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არც კი აღქვამს ამ მოვლნას სოციალურ პრობლემად.

საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის პრობლემა აღიარა, რაც გამოიხატა 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.

ჩვენი აქციის ძირითადი მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობაა.

აქცია საია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

საია-მ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა / 2006-12-14 20:00:00

ახალი ამბები

15 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ თამარ-მეფის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე სკოლებში გამოცხადებული თხზულებების კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა.

258 მოსწავლის ნამუშევრიდან საუკეთესო 10 შეირჩა:

1. ადგილი - დავით ჭელიძე (თბილისის 199-ე საჯარო სკოლა)
2. ადგილი - ლელა ჯგერენაია (თბილისის მე-3 საჯარო სკოლა)
3. ადგილი - თამარ ლუარსაბიშვილი (თელავის მე-2 საჯარო სკოლა)
4. ადგილი - თეონა ასლანიშვილი (თბილისის85-ე საჯარო სკოლა)
5. ადგილი - სოფო ბოკუჩავა (თბილისის 75-ე საჯარო სკოლა)
6. ადგილი - ირმა გამახარია (ახალსოფლის საჯარო სკოლა)
7. ადგილი - ქეთევან ფალიანი (მესტიის პირველი საჯარო სკოლა)
8. ადგილი - მაია წკრიალაშვილი (სოფელ შაშვების საჯარო სკოლა)
9. ადგილი - თამარ გიგანი (სოფელ ბაშქოის საჯარო სკოლა)
10. ადგილი - დავით კობრავა (რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა)


პირველი სამეული პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა, დანარჩენ 7 მოსწავლეს კი VCD –Player-ები გადაეცათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე უმასპინძლა პროექტის „არა _ ადამიანებით ტრეფიკინგს“ პირველი წლის შედეგების პრეზენტაციას.

ღონისძიება საია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების ფარგლებში ჩატარდა.

მრგვალი მაგიდა თემაზე “ინფორმაციის თავისუფლება – ადამიანის ფუნდამენტური უფლება?” / 2006-12-16 20:00:00

ახალი ამბები

თემაზე _ ”ინფორმაციის თავისუფლება - ადამიანის ფუნდამენტური უფლება?“ - 17 დეკემბერს საია-ს საკონფერენციო დარბაზში სამი გამარჯვებული ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა.

პირველ ადგილზე თსუ III კურსის სტიდენტი, თამარ ღონღაძე გავიდა.
მეორე ადგილი წილად თსუ სოხუმის ფილიალის III კურსელ ლაშა მესხს ხვდა.
მესამე ადგილი ჯიპას მაგისტრანტმა – ეკა გოგიჩაიშვილმა დაიკავა.

ცერემონიას კონკურსის მონაწილეებთან ერთად საკონკურსო კომისიის წევრები და საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტები დაესწრნენ. მათივე მონაწილეობით აღნიშნული თემის ირგვლიდისკუსიები გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ბათუმში საია-ს აჭარის ფილიალის XII საერთო კრება გაიმართა / 2006-12-18 20:00:00

ახალი ამბები

16 დეკემბერს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის XII საერთო კრება გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ აჭარის ფილიალის წევრები, საიას თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე. საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ პაატა შარაძემ კრებას წარუდგინა აჭარის ფილიალის საქმინაობის ერთი წლის ანგარიში. გაიმართა მსჯელობა ფილიალის საქმიანობის პრიორიტეტებზე, იურიდიული განათლება და სტუდენტ-იურისტებთან ურთიერთობა ფილიალისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

საერთო კრებამ აირჩია აჭარის ფილიალის გამგეობისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა.

საიას აჭარის ფილიალის გამგეობის ახალი შემადგენლობა:
1. პაატა შარაძე
2. ნათია აფხაზავა
3. ნინო ტავლალაშვილი
4. ირაკლი კვერღელიძე
5. ლაშა კალანდაძე

საიას აჭარის ფილიალის სარევიზიო კომისია:
1. ნატო დუმბაძე
2. მინდია ალელიშვილი
3. სულხან სალაძე

უახლოეს მომავალში საიას აჭარის ფილიალის გამგეობა თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ფილიალის თავმჯდომარეს.

საია-მ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის მონიტორინგის პრეზენტაცია მოაწყო / 2006-12-18 20:00:00

ახალი ამბები

19 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის მონიტორინგის პრეზენტაცია მოაწყო.

შეხვედრაზე მედიასა და საზოგადეობას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებების დასაფინანსებლად და რამდენად მიზნობრივად იყენებს საქართველოს მთავრობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისაგან მიღებულ 40 მილიონიან გრანტს.

პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის გარშემო გაიმართა დისკუსია, რომელშიც საია-სთან ერთად მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2006 წლიდან ახორციელებს პროექტს: “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა”.

2004 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ. აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია საქართველოს მთავრობას გამოუყოფს 40 მილიონი აშშ დოლარის საერთო ოდენობის გრანტებს 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულია საგრანტო თანხების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები.

პრეზენტაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი / 2006-12-20 20:00:00

ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოში ამა წლის ივლისიდან მოყოლებული განიხილებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის გაერთიანებული სარჩელი. საქმე შეეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლების  იმ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც მოსამართლეს უფლება ჰქონდა, სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოეტანა საბოლოო განკარგულება პირის დაპატიმრების შესახებ.

მოსარჩელეთა აზრით, სადაო აქტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კოსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს, მე-6 მუხლსა და ამავე კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლს.
 
საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტებმა: თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე აქუბარდიამ, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ და ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა სრულად გაიზიარეს კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა არგუმენტები და დაადასტურეს სადაო ნორმათა წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა / 2006-12-23 20:00:00

ახალი ამბები

23 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის მე-8 საერთო კრება გაიმართა. კრებას საია-ს თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლალი ჩხეტია და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ფილიალის თავმჯდომარემ კრებას საქმიანობის შესახებ  წლის ანგარიში წარუდგინა, გაიმართა მსჯელობა ფილიალის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ქუთაისის ფილიალისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  სასამართლოს დამოუკიდებლობა, ბრძოლა სამართალდამცავების მიერ ძალაუფლების გადამეტებისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და სხვა.

საერთო კრებამ აირჩია ფილიალის გამგეობა და სარევიზიო კომისია.

გამგეობის შემადგენლობა:
1. მადონა ბასილაძე
2. ლაშა გვენეტაძე
3. თეონა კუჭავა
4. თამარ ობოლაძე
5. ზაალ გორგიძე


სარევიზიო კომისიის შემადგენლობა:
1. მიხეილ ჩოგოვაძე
2. რეზო თოფურია
3. ზვიად კოღუაშვილი

ასევე, 23 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
საიუბილეო ღონისძიებაზე თანაშემწეებს, ფილიალის წევრებსა  და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სათაო ოფისის წარმომადგენელებს სიგელები და სერთიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში / 2007-01-07 20:00:00

ახალი ამბები

2006 წლის  29 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი განაცხადი გააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. განაცხადი შეეხება  არასამთავრობო ორგანიზაციის “თანასწორობის ინსტიტუტი”-ს წევრების დაკავებასა და 30 დღიანი პატიმრობის ფაქტს. 

2006 წლის 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს ეზოში “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი”  საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ისინი ხმის გამაძლიერებლის ე.წ. მეგაფონის საშულებით მოუწოდებდნენ სასამართლოს მიუკერძოებლობისკენ და დამოუკიდებელ ტელეარხ “202”-ის დამფუძბნებლების, შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთში სასამართლოს შენობიდან გამოვიდნენ მანდატურები და ზემოაღნიშნული პირები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს. შემდგომში ისინი სააპელაციო სასამართლოს შენობაში შეიყვანეს და ერთ-ერთ ოთახში მოათავსეს. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეკა ტყეშელაშვილმა სსსკ–ს 208-ე მუხლზე დაყრდნობით ადგილზე თათბირითა და  ზეპირი მოსმენის  გარეშე განმცხადებლებს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისად, პატიმრობის შეფარდების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არც უშუალოდ განმცხადებელებს და არც მათ ადვოკატებს. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით  განკარგულება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. 

განმცხადებლები თვლიან რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-5, მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-7 ოქმის მეორე მუხლი.

საია-მ ქალაქის პროკურატურაში შუამდგომლობა შეიტანა / 2007-01-14 20:00:00

ახალი ამბები

2 მაისს, კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით (სადაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა) დაზარალებულების ადვოკატებმა თბილისის პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის ლიკვიდაციის ფაქტზე სისიხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად (მკლველობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომების გადაცილებით), თბილისის პროკურატურაში ცალკე დაიწყო გამოძიება.

მიუხედავად იმისა რომ სპეცოპერაციის დროს გადარჩენილმა ფუთურიძემ სასამართლოს განუცხადა, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ქონდა ცეცხლის გახსნას, ვაზაგაშვილის ადვოკატების მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს.

კერძოდ, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ძალოვანებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ადგილზე დაიღუპნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მიერ თვითმხილველებს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელსაც დაზარალებულის მხარე გამოძიებას წარუდგენს, მოითხოვს მათ დაკითხვას და საქმეზე ობიექტურ გამოძიებას.

ამ თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში სპეციალური ბრიფინგი მოეწყო.