სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს / 2006-11-13 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საიას გამგეობამ 10 ნოემბერს გამგეობის თავმჯდომარედ გიორგი ჩხეიძე და თავმჯდომარის მოადგილედ ლალი ჩხეტია აირჩია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლით. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს თავმჯდომარე ზედიზედ ორჯერ. გიორგი ჩხეიძემ ანა დოლიძე შეცვალა, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ.  

ადამიანის უფლებების დამცველთა შეხვედრა სტრასბურგში / 2006-11-15 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით ანა დოლიძე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ქვეყნების ადამიანის უფლებების დამცველების შეხვედრას სტრასბურგში. მან მოხსენება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობაზე, კერძოდ გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებათა შეზღუდვებზე საქართველოში.

შეკრებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, FIDH, OMCT და Front Line,  რომლებმაც ახსენეს ასოციაციის წევრის, ლელა ბექაურის მიმართ ადგილობრივი არჩევნების წინ მომხდარი მუქარის ფაქტი.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევროპოს საბჭოს ვებ-გვერდზე.

სამუშაო შეხვედრა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით / 2006-11-16 20:00:00

ახალი ამბები

17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად 2006 წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი წარსადგენი ანგარიშების სრულყოფილი შედგენისთვის ხელშეწყობას ისახავდა.

შეხვედრას ოცდაათი საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი პასუხისმგებელი არიან აღნიშნული ანგარიშის შედგენასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი წარდგენილი ანგარიშების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის საკითხს საკონტიტუციო სასამართლო 2006 წლის 22 ნოემბერს განიხილავს / 2006-11-20 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. საია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო საიდუმლოების (122-ე მუხლი) კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით აღიარებულია სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვების უფლება. ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლად საგადასახადო საიდუმლოებას.

22 ნოემბერს, განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციური სარჩელის ასებითად განსახილველად მიღება, არ მიღების შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საზოგადოება "ბილიკის" წევრები სტუმრობდნენ / 2006-11-22 20:00:00

ახალი ამბები

29 ნოემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციის ოფისში გაიმართა შეხვედრა საზოგადოება "ბილიკისა" და საიას წევრებს შორის.

ბავშვის უფლებათა კლუბისა და ჟურნალისტიკის ჯგუფის წევრები ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი ჩხეიძეს შეხვდნენ და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის შექმნის, ისტორიისა და საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორგანიზაციის ოფისი.

მრგვალი მაგიდა ადვოკატებთან / 2006-12-03 20:00:00

ახალი ამბები

პირველ დეკემბერს საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში გაიმართა ადვოკატებთან შეხვედრა, თემაზე კანონმდებლობა სასამართლოში წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით.

ადვოკატებმა განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი და გამოთქვეს თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.

კანონპროექტიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის იმ ნაწილს, რომლითაც იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და პასუხისმგებლობა დგება მოსამართლის საჯარო კრიტიკისათვის პროცესის დასრულების შემდგომ. 

ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემებად დაისვა: პირის დაპატიმრება ზეპირი მოსმენისა და დაცვის უფლების გარეშე, სიტყვა “უპატივცემლობის” ფართო ინტერპრეტირება, მოსამართლის მიკერძოებულობისა და მათ მიერ მიღებული განკარგულების გაუსაჩივრებლობის საკითხები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ და საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა მონუმენტი გახსნეს / 2006-12-09 20:00:00

ახალი ამბები

10 დეკემბერს, 18:00 საათზე, სახალხო დამცველის აპარატის ეზოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ _ გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა _ სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა მონუმენტი გახსნეს.
"ადამიანის უფლებათა ხე" _ ასე ქვია ქანდაკებას, რომელიც სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მხატვარმა გუგა კოტეტიშვილმა დაამზადა.
10 დეკემბერს მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს, რადგან ზუსტად 58 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ გარანტიებს აღიარებს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია პირველი საერთაშორისო აქტია, რომელმაც ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება გაართიანა და უნივერსალურ ღირებულებად აქცია. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი საქართველოშიც პრობლემად რჩება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მისი დაარსების დღიდან ადამიანის უფლებათა დაცვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ანტიტრეფიკინგული მასალა გაავრცელეს / 2006-12-10 20:00:00

ახალი ამბები
11 დეკემბერს 11 საათზე პროექტ “არა! ადამიანებით ტრეფიკინგის” ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედ საკონსულობთან (თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ.) ანტი-ტრეფიკინგული მასალა (ბუკლეტები, ღია ბარათები, სანიშნეები) გაავრცელეს. რომლებშიც ახსნილია ტრეფიკინგის დანაშაულის საშიშროება და მოყვანილია ასოციაციის ანტი-ტრეფიკინგული ცხელი ხაზის ნომრები თბილისსა და ბათუმში.
ადამიანების ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარმოადგენს ადამიანის უფლებების ერთ-ერთი სერიოზულ დარღვევას და ეს პრობლემა საქართველოში ძალზე აქტუალურია. არსებული მონაცემებით საკმაოდ მაღალია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო შრომითი მიგრაციის დონე. აქამდე საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლების და სატრანზიტო ქვეყანად ითვლებოდა. 2006 წლიდან საქართველო მომხმარებლ ქვეყანას წარმოადგენს.

საია-ს სტუდენტებმა სკოლებში გაკვეთილი ჩაატარეს / 2006-12-11 20:00:00

ახალი ამბები

12 დეკემბერს 11:30 საათზე საია-ს იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს.

თბილისის 151-ე, 166-ე და მე-6 სკოლებში მოსწავლეები 35 წუთის განმავლობაში ისმენდნენ გაკვეთილს იმის შესახებ თუ რა უფლება აქვს თითოეულ ადამიანს.

ასევე საია-ს რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებმა ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც გაუწიეს ორგანიზება მსგავს აქციას.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება ადამაინის უფლებით რათა მეტი ყურადღება მიაქციონ მომავალში მათ დაცვას.

სასტუმრო “თბილისი მერიოტში” სოციალური კლიპების პრეზენტაცია გაიმართა / 2006-12-12 20:00:00

ახალი ამბები

საია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სასტუმრო “თბილისი მერიოტში” სოციალური კლიპების პრეზენტაცია გაიმართა თემებზე.

სიცოცხლის უფლება;

უდანაშაულობის პრეზუმფცია;

არასრულწლოვანთა უფლებები;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის კავშირისა და ჰოლანდიური ფონდის ““Oxfam Novib””-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში”. სოციალური კლიპები სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მომზადდა.

ამ თემების შერჩევა განპირობებული იყო ამ უფლებების და პრინციპის ხშირი და უხეში დარღვევის ფაქტებით.

ჩვენი მიზანია ამ თემების ირგვლივ ვრცელებოდეს კანონის შესაბამისი ინფორმაცია, საზოგადოებას გაცნობიერებული ქონდეს ამ უფლებების დაცვის მნიშვნელობა და ყველამ დაიცვას ეს უფლებები.