1. 83 წლის პენსიონერი კუთვნილი შეღავათებით ისარგებლებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას განცხადებით მიმართა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 83 წლის მოქალაქე გ.ყ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთში და სამხედრო ბილეთში მითითებულ მონაცემებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის შედეგადაც ამ დოკუმენტებში მითითებული მისი სახელი არ ემთხვევა მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში დაფიქსირებულ სახელს. აღნიშნული ფაქტის გამო გ.ყ.-ი ვერ ღებულობდა კანონმდებლობით დაწესებულ სოციალურ დახმარებას და ვერ სარგებლობდა შეღავათებით. საიას ადვოკატების მიერ გაწეული საადვოკატო დახმარების შედეგად, სასამართლოს მიერ დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. კერძოდ, გ.ყ.-ს პირადობის მოწმობისადმი ზემოაღნიშნული დოკუმენტების კუთვნილება, რის საფუძველზეც მას დაენიშნება შესაბამისი სოციალური ხასიათის შეღავათები.
2. ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
საიას იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოქალაქე ო.მ.-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ხულიგნობა, იარაღის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე). საქმის მასალების მიხედვით ო.მ. მონაწილეობას იღებდა 2007 წლის 7 ნოემბერს საღამოს, თბილისში ტელეკომპანია “იმედთან” გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში, სადაც ბრალდების მიხედვით მან ჩაიდინა ხულიგნობა. საიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობები, თუმცა ო.მ.-ს მოთხოვნით დაცვის მიერ დაყენებულ იქნა ბრალდების წინაშე განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ მიმდინარე წლის 11 იანვარს დამტკიცებულ იქნა ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ო. მ-ს განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა 2 წლის ვადით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.