2008 წლის 4 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინებით უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქის, ბ-ნ ხაკიმ ჯანგურაზოვის რუსეთში ექსტრადიციაზე.
2007 წლის დეკემბრიდან ბატონ ჯანგურაზოვს შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა და 2008 წლის 4 ივნისამდე იგი დაკავებული იყო გლდანის # 8 საპყრობილეში.
2007 წლის 16 აპრილს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ იშუამდგომლა საქართველოს გენერალური პროკურატურის წინაშე ჯანგურაზოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ. შუამდგომლობის მიხედვით 2006 წლის 4 აპრილიდან ბ-ნ ჯანგურაზოვი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ: კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა, ბანდიტიზმი, ტერორისტული აქტი, მკვლელობა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით მოწყობილ შეიარაღებულ ამბოხებაში აქტიური მონაწილეობა და სხვა.