საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვითარება ბადებს ეჭვს გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: თუ გათავისუფლების მიზეზი მართლაც პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა იყო, რატომ გათავისუფლდა მიმინოშვილი ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სკოლის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. ამასთან, უახლოეს თვეებში დაგეგმილია ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და არსებობს რისკი, რომ დაზარალდეს როგორც აბიტურიენტთა, ისე მაგისტრანტთა და მასწავლებელთა ინტერესები. ფაქტია, რომ აღნიშნული პერიოდი საკადრო ცვლილებებისთვის ყველაზე შეუფერებელია, მითუმეტეს, თუ კონფლიქტი მანამდე 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების წინა დღეს, 27 მაისს, მისი შვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებოდა, რასაც 28 მაისს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.