საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ 2009-2010 წლებში უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან (Public Strategies, Maniatis, Gregory A, Kunin, Daniel Louis, Podesta Group, Gephardt Group Government Affairs, Orion Strategies;) გაფორმებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას.
ასოციაცია დაინტერესდა იმ ხელშეკრულებათა საჯაროობით, რომლებიც შეეხება საქართველოს მთავრობისათვის საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურების გაწევას სხვა ქვეყნების მთავრობებთან, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სფეროში. საიამ 2010 წლის 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს და გამოითხოვა გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ხელშეკრულებების დაფინანსების კონკრეტული წყაროს შესახებ.