2010 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსის პროექტის 308-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 20%-მდე იზრდება.
დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტით მიღებული სახსრებიდან გაცემული ანაზღაურებისათვის შეადგენს 12%-ს, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრიდან მისი გაზრდა დაგეგმილი იყო 18%-მდე. ასევე, მოქმედი კოდექსის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან გრანტის სახით მიღებული შემოსავლიდან ანაზღაურების დაბეგვრა უნდა შემცირებულიყო 15%-მდე. მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტით კი, 15% განაკვეთის ამოქმედებამ 2014 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20% იქნება; 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 18% და მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გახდება 15%.