სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია-ს ქუთაისის ფილიალში პროექტის "სტუდენტები ქალთა უფლებებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა / 2007-01-16 20:00:00

ახალი ამბები

2006 წლის ოქტომბრიდან საიას-ს ქუთაისის ფილიალში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს LDA GEORGIA-ს ფინანსური მხარდაჭერით პროექტი "სტუდენტები ქალთა უფლებებისთვის" ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონის მასშტაბით იურიდიული ფაკულტეტის II-V კურსის სტუდენტებისთვის ერთწლიანი სასწავლო კურსის ორგანიზებასა და მათთვის პროფესიული უანრ-ჩვევების განვითარებას. კურსი გულისხმობს სწავლებას ქალთა უფლებების შესახებ და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. სასწავლო კურსი 3 ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპი – ქალთა უფლებები და კონსტიტუციური სამართალი;
მეორე ეტაპი – ქალთა უფლებები და სამოქალაქო სამართალი;
მესამე ეტაპი – ქალთა უფლეები და სისხლის სამართალი;

ასევე თითოეული ეტაპის დასასრულს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება 2 იმიტირებული სასამართლო პროცესი.

2007 წლის 10 აინვარს საია-ს ქუთაისის ფილიალში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორისა და  მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს  პროექტის  მიზნები და პროექტით გათვალისწინებული აქტივობები. თემის ირგვლივ აზრი გამოთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა და დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. საპროექტო ჯგუფის მიერ სტუმრებს საჩუქრად სარეკლამო ბუკლეტები და ბროშურები გადაეცათ .

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს / 2007-01-29 20:00:00

ახალი ამბები

30 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი თბილისში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ თბილისში სავაჭრო ობიექტების (ე.წ. უკანონო ნაგებობის) დემონტაჟის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით და მესაკუთრეთა უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნაგებობის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, საქმის წარმოებაში ჩართოს ნაგებობის მფლობელი და საჯაროობის პრინციპების დაცვით მიიღოს დადგენილება. ნაგებობის უკანონობის დადგენის შემთხვევაში  პასუხისმგებლობის ერთერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ამ ნაგებობის დემონტაჟი. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რომ დემონტაჟის შესახებ დადგენილება ნაგებობის მფლობელს უნდა გადაეცეს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. თავის მხრივ მფლობელს/მესაკუთრეს უფლება აქვს 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს ეს დადგენილება.

აღნიშნული პროცედურა უხეშად ირღვევა უკანანსკნელ პერიოდში ქალაქში განხორცილებულ ე.წ. უკანონო ნაგებობათა დემონტაჟის დროს. ნაგებობათა მესაკუთრეებს არ ბარდებათ მათ მიმართ გამოტანილი დადგენილებები და შესაბამისად წართმეული აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავინთი საკუთრების უფლება.

მოკლული ვარლამ ფხაკაძის ოჯახის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს / 2007-02-03 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2006 წლის 22 დეკემბრიდან იცავს 2006 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში მოკლული ვარლამ ფხაკაძის მამის ბორის ფხაკაძის – სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის ინტერესებს.


2006 წლის 7 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. #48-ში მდებარე ბინასთან, ქურდობის ფაქტზე არსებული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ივანე კაპატაძე, დავით მინაშვილი, კახა გაბუნია და ავალო გაბრიჭიძე. პოლიციელთა განმარტებით, ქურდობაში ეჭვმიტანილ – ვარლამ ფხაკაძის შესაპყრობად, პატრულ-ინსპექტორ - ივანე კაპატაძის მიერ გამოყენებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მოხდა სამი გასროლა, რის შედეგადაც ვარლამ ფხაკაძემ მიიღო გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა ბეჭის ზედა მესამედის არეში. მოცემულ საქმეზე არიან თვითმხილველებიც. მათი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები სცემდნენ ვიღაც პიროვნებას. აღმოჩნდა, რომ პოლიციის თანამშრომლები ვარლამ ფხაკაძეს სცემდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უახლოეს მომავალში შეიტანს დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებს ევროპის სასამართლოში / 2007-02-06 20:00:00

ახალი ამბები

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის პროცესი დაიწყო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეუდგა მათი ინტერესების დაცვას და მოამზადა სარჩელი სტრასბურგში გასაგზავნად.

ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრო აღარ აპირებს საჩივრის შეტანას რუსეთის  წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ბუნდოვანი პასუხი მასმედიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  სრულიად მიუღებელია.

მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს დროულად და საჯაროდ  დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დეპორტირებულმა მოქალაქეებმა არ გაუშვან ევროპის სასამართლოსთვის მიმართვის 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა და ინდივიდუალური საჩივრების მეშვეობით მაინც მოახერხონ თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენა.

მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს აღნიშნული სამინისტრო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უახლოეს მომავალში შეიტანს დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებს ევროპის სასამართლოში.

საია-ში აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ტრენინგი გაიმართა / 2007-02-19 20:00:00

ახალი ამბები

19 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგი - "როგორ განვახორციელოთ ანტიკორუფციული მონიტორინგი".
 
ანტიკორუფციული მონიტორინგის გამოცდილების გაზიარების სურვილით საიას აღნიშნულმა ორგანიზაციებმა თავად მომართეს.

უახლოეს მომავალში ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციები აპირებენ კოალიციის ჩამოყალიბებას ანტიკორუფციული მონიტორინგის ჩასატარებლად.

მრგვალი მაგიდა თემაზე: “როგორ დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელთან დაკავშირებით?” / 2007-03-11 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო “თორში” მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: “როგორ დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელთან დაკავშირებით?” შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, არსებული პრაქტიკისა და გამოვლენილი პრობლემების გაანალიზებასა და საკითხის მოსაწესრიგებლად საჯარო დაწესებულებებისათვის წინადადებების შეთავაზებას. აგრეთვე, საჯარო მოხელეთაგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის პროცედურების გამარტივებასა  და  ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 19-20 მარტს განვითარებულ მოვლენებს აფასებს / 2007-03-20 20:00:00

ახალი ამბები

19 მარტს საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც არ შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა მთავარი ღირებულებაა კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე.
უკანასკნელ პერიოდში სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაბედვინებს გავაკეთოთ შეფასება, გამოვკვეთოთ  შემაშფოთებელი და სამწუხარო ტენდენციები: სასამართლო გახდა ე.წ. “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის ცალმხრივი და ბრმა გამტარებელი; სასამართლო უკიდურეს სიმკაცრეს იჩენს არასრულწლოვანების, ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, რომელთანაც საპროცესო გარიგების დადების ინტერესი არ აქვს გამოძიებას – რეალურად საქმეები სრულდება ორიდან ერთ-ერთი შედეგით: ან პირისთვის თავისუფლების აღკვეთით ან საპროცესო გარიგებით; პარალელურად, იმ საქმეებზე, სადაც  ბრალდებული/განსასჯელი პირები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სასამართლო იჩენს მაქსიმალურ შემწყნარებლობას. რეალურად უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების ხარჯზე არსებული საკანონმდებლო სივრცე ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ სასამართლო იყოს გამოძიების მოთხოვნის უპირობო აღმსრულებელი. თუმცა კანონი მაინც უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას სრულად გაამართლოს პირი, როდესაც მას ბრალდება ვერ უმტკიცდება, მაგრამ თანამედროვე პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამ უფლებამოსილებას სასამართლო იშვიათად იყენებს.

მარტის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებმა ოთხი პროცესი მოიგეს / 2007-04-09 20:00:00

ახალი ამბები

1. საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურება გაუწია მოქალაქე დ.ო.-ს.
მას ბრალად ქურდობის მცდელობა და სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ედებოდა (სსკ-ის 19-177-ე და 397-ე მუხლი) და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
დ.ო.-ს. ბრალი ედებოდა 25 ლარისა და 50 თეთრის ღირებულებად შეფასებული აგურების ქურდობის მცდელობაში.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა, რომელმაც გაითვალისწინა დაცვის მხარის მოსაზრება და  განსასჯელი  გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში (სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება), ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ არასწორად სცნო დაზარალებულად თავდაცვის სამინისტრო რადგან ის შენობა ნაგებობა სადაც ფაქტობრივად მოხდა ქურდობა წარმოადგენდა არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ კერძო პირის საკუთრებას, აღნიშნულით კი არ დასტურდებოდა სამხედრო ქონების განზრახ დაზიანების ფაქტი.
ხოლო ქურდობის მცდელობისთვის (19-177-ე მუხლი) გათვალისწინებულ ბრალდებაში  დამნაშავედ ცნო და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ფანდრაიზინგი - ხელობა და ხელოვნება / 2007-04-22 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიურმა ქსელმა (CENN) განახორციელა პროექტი; “ფანდრაიზინგი: ხელობა და ხელოვნება” ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF)  ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ორგანიზაციული ასპექტის აკადემიურ ნაწილში ვაკუუმის შევსებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით.

დებატების ტურნირში გამარჯვებულები ჩინეთში გაემგზავრებიან / 2007-04-23 20:00:00

ახალი ამბები

2007 წლის აპრილის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით გაიმართა  დებატების შიდა ტურნირი. დებატების კურსი  უკვე 6 თვეა ისწავლება ფონდში სხდასხვა სამართლებრივი კურსების პარალელურად. აღნიშნული კურსი, როგორც დისციპლინა 2005-2006 წლებში დაემატა ფონდის სხვადასხვა სამართლებრივ კურსებს. შარშანდელმა გამოცდილებამ ცხადყო მომავალი იურისტებისათვის ამ დისციპლინის უდავო საჭიროება. სტუდენტები კურსის განმავლობაში ეწაფებიან კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას და, ამავდროულად,  იმტკიცებენ ცოდნას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, აწყობენ საჯარო დისკუსიებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე. 2006-2007 წელს დებატების კურსი უკვე საიას რეგიონალურ ოფისებშიც დამკვიდრდა – რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

დებატების კურსის წარმატებულად ჩატარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გაწიეს კვალიფიცირებულმა ტრენერებმა (თბილისში – ოთარ კახიძე, თამარ გურჩიანი, თინათინ შელია; ბათუმში – ირაკლი ანანიძე; ქუთაისში – ნიკოლოზ გეგეშიძე; გორში – კახაბერ გორდაძე; თელავში – ლელა ტალიური; რუსთავში – ლელა ბექაური),  რომლებიც შემდგომ ტურნირზეც მსაჯობდნენ შარშანდელ საუკეთესო მოდებატე სტუდენტებთან ერთად.
ტურნირისათვის თემად შერჩეულ იქნა ადამიანის უფლებები, რომელზეც შემდგომ ჩამოყალიბდა 35 რეზოლუცია. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ თემისა და რეზოლუციების ირგვლივ, რამაც საშუალება მისცა მათ  დაუფლებოდნენ  არამარტო კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას, არამედ გაეღრმავებინათ ცოდნა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებშიც.