სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიაში კავკასიის სამართლის სკოლის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა / 2007-05-20 20:00:00

ახალი ამბები

18 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე, აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბურდული და საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორი თამარ მეტრეველი კავკასიის სამართლის სკოლის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს შეხვდნენ.

გიორგი ჩხეიძემ სტუმრებს საიას ისტორია გააცნო, ისაუბრა ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტებზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე.

სტუდენტების მხრიდან დაისვა მრავალი კითხვა, რომლის შემდგომაც საუბარი გაგრძელდა  ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, არასრულწლოვანთა მხრიდან სამართალდარღვევებზე და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს საიას იურიდიული ბიბლიოთეკა და იურიდიული დახმარების ცენტრი. 

საია ამგვარ შეხვედრებს მომავალშიც  გეგმავს.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა / 2007-05-22 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გასაჩივრებულ ნორმის თანახმად, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე დაქორწინდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მათ უნდა მიიღონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებართვა. “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ამ ნებართვის მოპოვება 120 ლარი ღირს.

ამგვარი ფასიანი ნებართვის დაწესება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ქორწინების თავისუფლებას. თავისუფლების არსი კი იმაში მდგომარეობს რომ ადამიანმა ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა ადამიანებისგან დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს არჩევანი. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა ადამიანის ბუნებითი თავისუფლების რეალიზებისთვის ფასიანი ნებართვების დაწესების გზით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში უნდა განიხილოს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარაში უძრავი ქონების მესაკუთრეების ინტერესებს დაიცავს / 2007-05-24 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი დაიცავს იმ 90 მესაკუთრის უფლებას, რომელთაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2007 წლის 4 მაისის განკარგულებით უხეშად დაურღვია მესაკუთრის უფლება.

უძრავი ქონების მესაკუთრეებს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბერში, გონიოში, სარფში და მახინჯაურში საკუთრების უფლება მიწის ფართობზე სრულიად უკანონოდ ჩამოერთვა. საოქმო დადგენილებები, მიწის მიზომვის, მიზომვა-ჩაბარების და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც შეეხებოდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, ბათილად იქნა ცნობილი.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად და ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის, რომ მიწის რეფორმა საქართველოში დაიწყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1998 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების საფუძველზე და უნდა დამთავრებულიყო 1999 წლის 1 იანვარს. ამ ვადის გაშვების გამო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები არარად გამოცხადდა.

თელავში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შეიქმნა / 2007-05-29 20:00:00

ახალი ამბები

29 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა ხელი მოაწერა თელავის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის მემორანდუმს. კოალიციის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა. ასევე საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრვი თვითმმართველობის განხორციელებისას. კოალიციის მემორანდუმს  ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისმა, "საქართველოს საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ასოციაციამ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ", "მებრძოლ-პარტიოტთა კახეთის რეგიონალური კავშირმა", კავშირმა "თვითმმართველობა 2002"-მა, ასოციაცია "ნადიკვარმა", "საქართველოს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის ბიურომ", არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოსმა" და "შუამთამ" _ მოაწერა ხელი.

საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი ცვლილებების წყალობით კოლექტიური ცენტრებიდან დევნილთა უკანონო გამოსახლება იკრძალება / 2007-05-31 20:00:00

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 24 აპრილს ვაზისუბანში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახელების ცენტრ ,,სპეცავტომეურნეობიდან” პოლიციის მიერ დევნილების გამოსახლების ფაქტმა საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება გამოიწვია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ ქმედების სამართლებრივი შესწავლა მოახდინა, გამოავლინა საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ამ ინციდენტის მიზეზი შეიქმნა. შედეგად, მოხდა შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. პრეზიდენტის ბრძანებულების და შინაგან საქმეთა მინისტრის მიღებული ბრძანებების შესაბამისად აღმოფხვრილი იქნა გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზი.

აღნიშნული ცვლილებები იცავს კომპაქტური ჩასახლების ცენტრში მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილთა უფლებებს და არ იძლევა ცენტრებიდან მათი უკანონო გამოსახლების შესაძლებლობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა / 2007-05-31 20:00:00

ახალი ამბები

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ათამდე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საზოგადოებისა და ხელისუფლების მისამართით სპეციალური მიმართვა გააჟღერეს. პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ ბოლო დროს არასრულწლოვნებში გახშირებულ დანაშაულებსა და მათ მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარებას აუცილებლობაზე ისაუბრა.

საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსში კომისიის წევრების სტატუსით საიას იურისტები მონაწილეობენ / 2007-06-03 20:00:00

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საჯარო სკოლების დერექტორების შესარჩევ კონკურსში მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის #269 ბრძანებით დამტკიცდა გასაუბრების კომისიების შემადგენლობა. კომისიის წევრის სტატუსით აღნიშნული კომისიის მუშაობაში ჩაერთო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები:

ქ. თბილისის გასაუბრების კომისია #1 – საიას წარმოადგენდა ეკატერინე ფოფხაძე;
ქ. ქუთაისის გასაუბრების კომისია – საიას წარმოადგენა ნოდარ ჯიქია;
ქ. ბათუმის გასაუბრების კომისია – საიას წარმოადგენდა ნიკოლოზ გეგეშიძე.


კონკურსანტებთან გასაუბრება 24 აპრილიდან 24 მაისამდე მიმდინარეობდა. გასაუბრების შედეგად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის მოხდა იმ კანდიდატთა წარდგენა, რომლებმაც კონკურსის ეს ეტაპი წარმატებით გაიარეს.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საიას რეგიუნულმა ფილიალებმა და ოფისებმა აქციები გამართეს / 2007-06-03 20:00:00

ახალი ამბები

1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საიას ქუთაისის ფილიალის  ოფისიდან მოეწყო მსვლელობა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მიმართულებით. მსვლელობის დროს მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ მომზადებული ინფორმაციული ბროშურები დარიგდა. ამის შემდეგ საიას ქუთაისის ფილიალში მოსწავლე ახალგაზრდობისთვის სემინარი თემაზე “არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობისა და მავნე ზეგავლნისაგან დაცვა” - მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობას ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ორმოცამდე მოსწავლე იღებდა. სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოეწყო ასევე სიტუაციური თამაშები ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და წარმატებული მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

იური ვაზაგაშვილს ავტომანქანა უკანონოდ ჩამოართვეს / 2007-06-09 20:00:00

ახალი ამბები

2007 წლის 23 მაისს იური ვაზაგაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კუთვნილი ავტომანქანა BMW-520 ჩამოართვეს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი ვინმე ჯონი ცივაძეს ეკუთვნოდა, რომელსაც BMჭ-520 2004 წლის მაისის თვეში ბათუმის ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარეს.

ზემოაღნიშნული BMW-520 2003 წლის 19 ნოემბერს იური ვაზაგაშვილის მეგობარმა დავით ბერუაშვილმა ლეილა მესხისგან შეიძინა, რის შემდეგაც ავტომანქანა ვაზაგაშვილს მიყიდა.