სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას განცხადება კონტროლის პალატის მიერ დაბარებული პირების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე / 2012-03-16 12:30:06

ახალი ამბები

 

დღეს 2012 წლის 16 მარტს 15:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ პრესკონფერენცია გამართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის წესით სამმართველოებში დაბარებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3482-ე მუხლით გამოძიების დაწყება, რომელიც კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის  ფაქტებს უკავშირდება უკანონოა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტროლის პალატის მიერ ინტენსიურად ხორციელდება იდენტური შინაარსის უწყებებით მოქალაქეთა დაბარება ახსნა-განმარტების მისაცემად.

უწყების თანახმად, მოქალაქეებს იბარებენ იმ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი,  თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე უწყებით, დაბარებულ პირებს განემარტებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გარანტირებული უფლებები და მოვალეობები, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს გააჩნია.

 

კამპანიის „ეს შენ გეხება“ განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციების თაობაზე / 2012-03-20 06:53:19

ახალი ამბები

კამპანიის „ეს შენ გეხება“  მონაწილეები დადებითად ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების  და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს  შორის გარკვეულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმების ფაქტს  და პარლამენტის მზაობას  გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმების თანახმად:

კანონში აღარ იარსებებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება;

პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის  გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს დაუწესოს შეზღუდვები;

დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც გავრცელდება პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები;

ამომრჩეველს აღარ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო;

პირს არ შეეზღუდება სამეწარმეო საქმიანობა თუ ის უშუალოდ არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს;

საიამ შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით პარლამენტს მიმართა / 2012-03-20 12:42:46

ახალი ამბები

 

მიმდინარე წლის 16 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. წარდგენილი კანონპროექტის მიზანია შრომის კოდექსის იმ ნორმების ცვლილება, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის წესს ადგენს.

აღნიშნულ ნორმებთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვას შრომითი ხელშეკრულების მოშლისას. ამასთან, არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს და არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას შრომითი უფლებების დაცვის სფეროში. ამასთან, ნათელია რომ სასამართლო პრაქტიკამ ვერ უზრუნველყო საკანონმდებლო ხარვეზის შევსება და ხელშეკრულების მოშლის მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განმარტება, რაც ადასტურებს აღნიშნული რეგულაციების საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადახედვის აუცილებლობას.

კანონპროექტი უზრუნველყოფს შრომის სამართლის არსებული ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საერთაშორისო აქტებთან, მათ საფუძველზე საქართველის მიერ აღიარებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან; კერძოდ, მისი მიზანია შრომითი ურთიერთობის მოშლის იმგვარი რეგულირება, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებების დაცვას შესაბამისი მატერიალური თუ პროცედურული გარანტიების მინიჭების გზით.

 

საიამ პარლამენტს საპენსიო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები წარუდგინა / 2012-03-27 14:30:44

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონსა და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მათთან დაკავშირებით საიამ თავისი დასკვნა საქართველოს პარლამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს უკვე წარუდგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობისათვის პარლამენტის კომპეტენციათა მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირების ინიციატივას, რომელიც წინამდებარე კანონპროექტშია წარმოდგენილი. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, კანონი არ დაარეგულირებს სოციალურ პაკეტის მოცულობას და მას საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს. სოციალური პაკეტის მიღებნი მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები იქნებიან.

საია პედაგოგ თამარ ასპანიძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება / 2012-03-29 07:58:23

ახალი ამბები

2012 წლის 29 მარტს 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლის თამარ ასპანიძის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ასპანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მისი შვილის, დავით ასპანიძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. დავით ასპანიძე რესპუბლიკური პარტიის ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

თამარ ასპანიძის განცხადებით, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე  სწორედ მისი და მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო მას სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ასპანიძის თქმით, დირექტორმა აღნიშნა, რომ თუკი ქალბატონი თამარი საკუთარი ნებით არ დატოვებდა სამუშაო ადგილს, მაშინ დირექტორი იძულებული იქნებოდა გათავისუფლების საფუძველი მოეძებნა და შრომითი ურთიერთობა ვადაზე ადრე შეეწყვიტა ან თავადვე დაეტოვებინა საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა. დირექტორის განცხადებით, ასპანიძის, როგორც პედაგოგის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობდა, თუმცა ის იძულებული იყო  ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან მიღებული მითითება შეესრულებინა. ბოლნისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ასპანიძესთან საუბარში არ უარყო პედაგოგის გათავისუფლების სურვილი და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ქალატონი თამარი არაერთხელ „დაუფიქსირებიათ“  „ქართული ოცნების“ ოფისთან.

საია გმობს "დაიცავი საქართველოს” წევრის კახა მიქაიას დაპატიმრებას და აღნიშნულ ქმედებას შეკრების თავისუფლებაში უხეშად ჩარევად აფასებს / 2012-03-29 16:10:31

ახალი ამბები

 

2012 წლის 27 მარტს ზუგდიდში მოქმედმა ინტერნეტგამოცემა livepress.ge-მ გაავრცელა ვიდეომასალა , სადაც ნათლად ჩანს თუ რა პირობებში იქნა დაკავებული ,,დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის მახლობლად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდნენ ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრები ირაკლი ჩიქოვანი და თეა წულუკიანი. შეკრების მონაწილეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის სერგო ჩაჩიბაიას მიმართ წინასწარი ორთვიანი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ,,დაიცავი საქართველოს” წევრს კახა მიქაიას ხელთ ეკავა ხმის გამაძლიერებელი, რომლითაც თეა წულუკიანი შეკრების მონაწილეებს მიმართავდა. ამ დროს კახა მიქაიას მიუახლოვდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ატყობინებენ რომ დაკავებულია.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა მიქაია სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისათვის და მას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

 

საიამ საქართველოს მთავრობისა და შსს-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა / 2012-04-03 10:41:57

ახალი ამბები

2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N 489 დადგენილება მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი ოდენობა და გადახდის წესი. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ საფასურის გადამხდელები არიან სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები. „112“-ის მომსახურების საფასური  ფიზიკურ პირებს ყოველთვიურათ  20 თეთრის, ხოლო იურიდიული პირებს 50 თეთრის ოდენობით დაექვითებათ. დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ „112“-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 1 იანვრიდან „112“-ის  საფასური აბონენტებს მაინც ერიცხებათ და ანგარიშიდან შესაბამისი ოდენობის თანხა ეჭრებათ.

საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და „112“-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის სახით 2012 წლის იანვარ-თებერვლის თვის დარიცხულმა შემოსავალმა 1 408 868 (მილიონ ოთხას რვაათას რვაას სამოცდარვა) ლარი შეადგინა.

საიამ "წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" პროექტის პრეზენტაცია გამართა / 2012-04-04 10:12:07

ახალი ამბები

დღეს 4 აპრილს 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ პროექტის დახურვისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

საია წინასაარჩევნო მონიტორინგს ბრიტანეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის“- ფარგლებში აწარმოებდა. კვლევის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

·  2011 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ქმნის უთანასწორო საარჩევნო გარემოს და ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განხორციელებას ქვეყანაში;

· საარჩევნო წელს მასშტაბური და ერთჯერადი საბიუჯეტო პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც აფერმკრთალებს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის;

· სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის, დაშინების, სამსახურიდან განთავისუფლების და ზეწოლის ფაქტებზე.

· კონტროლის პალატის და შემდგომ შსს-ს მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედებებზე;

საია სამოქალაქო რეესტრის 4 აპრილის გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას აკეთებს / 2012-04-05 09:01:40

ახალი ამბები

2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა უარყოფითი  დასკვნა ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საია საჭიროდ მიიჩნევს, გააკეთოს ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების ორ შესაძლებლობას ითვალისწინებს: 1) ნატურალიზაცია; 2) ორმაგი მოქალაქეობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცესში პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უნდა არსებობდეს ამ პირის ოფიციალურად განცხადებული ნება, რომ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, იგი უარს იტყვის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე. სხვა ვითარებაა ორმაგი მოქალაქეობისას. ამ დროს პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ ინარჩუნებს სხვა ქვეყნის (ქვეყნების) მოქალაქეობას.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით. მისი ნება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, უარს იტყოდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ცნობილი იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის. შესაბამისად, კანონის ის მიზანი, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული იქნებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება / 2012-04-05 13:44:57

ახალი ამბები

 

ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით („25-ე არხი“; გაზეთი „ქრონიკა“ და სხვა) სხავადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიის, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ.

ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. არავის უნდა მიეცეს საშუალება, გააღვივოს საქართველოში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და საფრთხე შეუქმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას.

მივმართავთ საქართველოში მოქმედ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ლიდერებს, არანაირი მიზანი, მათ შორის, არც ხელისუფლებაში დარჩენის ან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, არ ამართლებს საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად აღნიშნული თემებით მანიპულირებას. დაუშვებელია ოპონენტის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება იქცეს პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი პოზიციის გამყარების არგუმენტად.