საია ეხმაურება სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ ვიდეომასალას , სადაც ნათლად ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანი ორთაჭალაში შეკრებილ მოქალაქეებსა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით. კადრებიდან ჩანს, რომ ჩხუბის ინიცირება ხდება სწორედ ბესო გაზდელიანის მიერ.
ვიდეომასალიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები. იმის გათვალისწინებით, რომ ცემის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, დაიწყონ გამოძიება.
საია განსაკუთრებით შეშფოთებულია ბესო გაზდელიანის ქმედებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერიის მიერ გაკეთებული განცხადებით. მერია ძირითად აქცენტს მოქალაქეთა ქმედებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მათ ,,პერსონალური შეურაცხყოფა” მიაყენეს ბესო გაზდელიანს. ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ვიდეომასალიდან მოქალაქეთა მიერ გამგებლის მოადგილისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. ერთ-ერთი მოქალაქე ბესო გაზდელიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: ,,შენი პრეზიდენტი სად იყო ... ფეხბურთის საყურებლად. პანაშვიდზე უნდა ყოფილიყო ... აი, ფეხებზე რომ გკიდიათ ყველას ... ნაციონალები რომ ხართ.” აღნიშნული გამონათქვამი შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებების საჯარო კრიტიკას. საია თბილისის მერიას და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა: ,,გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამონათქვამი, რომელსაც საზოგადოება ნეიტრალურად აღიქვამს, არამედ ისეთი განცხადებებიც, რომლებიც შოკისმომგვრელი, ამაღელვებელი და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისა ან მისი განსაზღვრული ნაწილისათვის.” გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განსაკუთრებით დაცულია მაშინ, როცა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებაა.