2011 წლის 15 სექტემბერს პოლიციამ ქუთაისში არსებული მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” გაფიცულ მუშათა აქცია დაშალა. გაფიცული მუშების ძირითადი მოთხოვნები ქარხანაში არსებული პირობების გაუმჯობესება იყო.
ქარხანა ”ჰერკულესის” მუშები სარგებლობდნენ მათთვის საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული გაფიცვის უფლებით, რაც გულისხმობს დასაქმებულის უფლებას, დავის შემთხვევაში, დროებით, ნებაყოფლობით თქვას უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. დავა ქარხნის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მუშების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები წერილობითი სახით მიეწოდა ქარხნის ადმინისტრაციას, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამ უკანასკნელთა მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ქარხნის მუშებმა, შრომის კოდექსის 49-ე მუხლის დაცვით, გაფიცვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს გამაფრთხილებელი გაფიცვა. შესაბამისად, გამაფრთხილებელი აქციიდან 24 საათში ქარხანა ”ჰერკულესის” მუშებს წარმოეშვათ გაფიცვის კანონიერი უფლება.
რაც შეეხება გაფიცვაში მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ გაფიცვის დაწყების დღიდან, პოლიციის მიერ მოხდა ამ უფლებაში უხეში ჩარევა გაფიცულთა დაშლისა და დაკავების გზით. საია-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები გაფიცვის დაწყების დღიდან თვალ-ყურს ადევნებდნენ აქციის მიმდინარეობას. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, აქცია მიმდინარეობდა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეები განლაგებულები იყვნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად რომ არ ახდენდნენ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას და ქარხნის შესასვლელის ბლოკირებას. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საფუძველი ხელი შეეშალათ გაფიცვაში მონაწილე პირებისათვის ამ უფლებით სარგებლობაში.