3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს ყურადღება გაამახვილოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომაროებასთან დაკავშირებით.
საია ამოდის რა, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული, ადამიანის პატივისა და ღირსების ფუნდამენტური უფლებისა და ადამიანის, როგორც თავისთავადი ღირებულების არსიდან, ხაზს უსვამს რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სხვებთან თანასწორ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, უნდა სარგებლობდნენ ძირითადი უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვით.
აქვე, საია ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში, დღემდე რჩებიან ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფად. მათი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები მრავალგანზომილებიანია და გამოიხატება, როგორც ყოველდღიურ სოციალურ ბარიერებში, ისე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი არასათანადო ძალისხმევის შედეგად წამოჭრილ არაერთ წინააღმდეგობაში, რაც საბოლოო ჯამში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესების შეფერხებაში გამოიხატება.