საია ეხმაურება დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს და აღშფოთებას გამოთქვამს აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას ქმედების გამო, რომელიც საიას თანამშრომლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ნებისმიერი თანამშრომელი მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების უპირველესი დამცველი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნების მისაღწევადაა შექმნილი აღნიშნული უწყება. პოლიციის მაღალჩინოსნის ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მის მაღალ პასუხისმგებლობასთან. ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ მოქალაქეებისათვის, ამ შემთხვევაში კი, საიას თანამშრომლებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულს თან ახლდა ვალერიან თელიას მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმა და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარა, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა მის თანამდებობრივ ვალდებულებებთან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები.