ადამიანის სათანადო საცხოვრისის უფლებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულება საქართველოში ხშირად ირღვევა. სიღარიბის უკიდურესი ფორმის - უსახლკარობის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველობის სტატუსსაც კი ვერ იღებენ რადგან კანონი მათგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებას ითხოვს. განვლილი წლების განმავლობაში მედიით რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ზამთარში სიცივით გარდაცვლილ უსახლკარო ადამიანების შესახებ. უსახლკარო ადამიანთა მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” თავშესაფრის შექმნა იმ მიზნითაც განიზრახა, რომ გამოცდილება დაეგროვებინა და მომავალში ის ხელისუფლებისთვის გაეზიარებინა. თავშესაფარი ასეთ ადამიანებს საცხოვრებელს, კვებას, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას და დასაქმებას შესთავაზებდა.