საიას დახმარებით არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
არასრულწლოვან გ.ს.-ს ბრალი ედებოდა ქურდობის დახმარებაში. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა გ.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება. საიას თბილისის ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და ალტერნატივის სახით იშუამდგომლა პირადი თავდებობის გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პირადი თავდებობა. ამის შემდეგ, პროკურატურამ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და გააფორმა განრიდების ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენს ბენეფიციარს დაევალა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.