ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება. ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც მათ შორის საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, ძალიან დაბლა დაეცა.