საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ვაცხადებთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. კანონით დაწესებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, არაგონივრულია, ხოლო სანქციები - არაპროპორციული.
კერძოდ, ახალი კანონით შემოღებულია ე.წ. „პარტიასთან კავშირში მყოფი“ ფიზიკური და იურიდიული პირების ცნება, რომლებზეც შეზღუდვებისა და რეგულაციების იგივე რეჟიმი გავრცელდება, რაც თავად პარტიებზე. მაგალითად, ასეთად მიჩნეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უფლება არა აქვთ შემოსავალი მიიღონ სამეწარმეო საქმიანობიდან, ხოლო სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს წელიწადში; პარტიასთან დაკავშირებულ პირებს არა აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან კრედიტის აღების უფლება; მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს კონტრლის პალატა და სხვა.