საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული ნათლად მეტყველებს ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე, რა დროსაც უგულებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი.
ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია. ჩვენს მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.