სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება / 2012-10-19 14:50:17

ახალი ამბები

2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით დარახველიძის კანდიდატურა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს / 2012-10-24 10:53:35

ახალი ამბები

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები კიდევ ერთხელ მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი.

თავდაპირველად იგი წარდგენილი იყო 39 საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების მიერ, თუმცა, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდამჭერთა რაოდენობა ასზე მეტია და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ის თანაბრადაა მისაღები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებზე, სოციალურ, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემატიკაზე მომუშავე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სხვადასხვა სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებებადამცველთა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისათვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა / 2012-10-24 12:30:26

ახალი ამბები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს დახურული ინტერნეტურთიერთობების დაკვირვების შესაძლებლობას აძლევდა არაკონსტიტუციურად ცნო.

აღნიშნული ნორმებით დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე დაკვირვება შესაძლებელი იყო პაროლის ,,გატეხვის" ან სხვა ტექნიკური საშულებებით ფარული ინსტალაციის გზით.

საია-ს მოსაზრებით ნორმის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დახურულ ინტერნეტურთიერთობასთან მიმართებაში სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას. დახურული ინტერნეტურთიერთობის ფორმატი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. ეს უკანასკნელი პირად უფლებაში ჩარევისათვის აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებას. არც ერთი ეს გარემოება არ არის გათვალისწინებული ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ტელეკომპანია პიკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს / 2012-10-24 12:45:16

ახალი ამბები

2012 წლის 12 ოქტომბრიდან ტელეკომპანია პიკის საქმიანობა შეფერხდა. დღეისათვის ტელეკომპანია პიკის ჟურნალისტები ვერ ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. ტელეკომპანიის კუთვნილ სიხშირეზე გადის მათ მიერ წინა პერიოდში მომზადებული მასალა. დაინტერესებულ საზოგადოებას კი არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებული ინფორმაცია ტელეკომპანია პიკის მეშვეობით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 13 იანვარს  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შპს ტელეკომპანია პიკს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #3-1-ის თანახმად, პიკი ვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი (პირველი კავკასიური) უზრუნველყოს რუსულენოვანი ტელეპროდუქციით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, 2012 წლის 13 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გამოხატული მდუმარე პროტესტით, ასევე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევით ტელეკომპანია „პიკ“-მა უხეშად დაარღვია  ხელშეკრულება. ირკვევა, რომ აღნიშნულის თაობაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა 16 ოქტომბერს აცნობა პიკის ხელმძღვანელობას. ამავე დროს პიკის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას კორესპონდენციით დგინდება, რომ სწორედ ტელეკომპანია პიკის მოთხოვნით შეჩერდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლას სთხოვენ / 2012-10-29 08:02:14

ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორიო გაჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლა და გამოაქვეყნა.  მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო.

ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

 

ახალი მტკიცებულებები ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე / 2012-10-30 10:01:05

ახალი ამბები

2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,BMW” მარკის ავტომობილში ჩაცხრილულ იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა. საქმეზე თავიდანვე გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის მცდარობაზე მიუთითებდა. საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით.

ამჟამად დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა.

საია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს / 2012-10-31 11:46:24

ახალი ამბები

 

დღეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება  მაუწყებლობის ფუნქციას ასრულებს.

საკანონმდებლო აქტების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება.  აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ჩანაწერებთან, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

მიგვაჩნია, რომ  აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა დღეისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი პოზიციით მნიშვნელოვანია, რომ  ტელევიზიას  მიენიჭოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა ვიზიტი რუსთავის #16 დაწესებულებაში / 2012-11-01 09:24:00

ახალი ამბები

 

31 ოქტომბერს რუსთავის #16 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ ორგანიზაციების ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“(GCRT) და ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

დაწესებულებაში ვიზიტის საფუძველი იყო გავრცელებული ინფორმაცია რუსთავის #16 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული დაძაბულობის შესახებ.

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ კორპუსებზე განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს.

 

საია სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება / 2012-11-05 13:35:57

ახალი ამბები

საია შეშფოთებას გამოთქვამს იმ მდგომარეობის გამო რასაც უკანასკნელ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აქვს ადგილი, სადაც მუსლიმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა. ქრისტიანი მოსახლეობა რელიგიური უმცირესობის მიერ საკუთარი უფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის წინააღმდეგია, რის გამოც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რელიგიის თავისუფლებას, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო რწმენის ქონის, არამედ ამ რწმენის გამოხატვას, მათ შორის, რელიგიური წეს-ჩვეულებების თავისუფლად აღსრულების უფლებას. ეს უფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მარტო ნეგატიურ ვალდებულებას, უშუალოდ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში, არამედ უზრუნველყოს უფლების რეალიზაცია მაშინაც როდესაც მისი ხელშეშლა კერძო პირებისგან ხდება. აღსანიშნავია, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯად ქმედებას.

საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს / 2012-11-07 09:04:41

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2012 წლის მაისის თვეში საიას მიერ გამოქვეყნდა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროცესში, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ მონაწილეობას ეხება.

ანგარიშზე მუშაობის დროს საიასთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტებიდან ჯამში 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. თუმცა დღემდე უცნობია, სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იქნა დაფინანსებული თბილისის მთავრობის მიერ ფონდისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებით.

ამასთან, ანგარიშის მომზადების პროცესში საიას ჰქონდა მცდელობა, მიეღო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის აქტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მიიღო.