არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავაც სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.
გასული წლის სექტემბრის თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობდა როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა კი ამ სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოვითხოვეთ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა, მათ შორის ვიდეო ფირებზე ასახულ ფაქტებზე, ჩატარებულიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. გარდა ამისა, გაჩნდა იდეა, რომგამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე ფოკუსირებას; და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ პროკურორთან შექმნილიყო შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენდა პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის.